მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ტრამპმა WHO-ს დირექტორს წერილი მისწერა და დაფინანსების სამუდამოდ შეჩერებით დაემუქრა

დონალდ ტრამპი / ტედროს ადანომ გებრაიესუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორს წერილი გაუგზავნა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას სამუდამოდ შეუჩერებს. მან წერილი ტვიტერზე გამოაქვეყნა.

წერილში გაკრიტიკებულია კორონავირუსის საპასუხოდ ორგანიზაციის მოქმედებები და ნათქვამია, რომ 30 დღეში მან მუშაობა უნდა გააუმჯობესოს.

წერილში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია ორგანიზაციის ჩინეთზე დამოკიდებულება.

ტრამპი ორგანიზაციას 2019 წელს ვუჰანში ვირუსის გავრცელებაზე სარწმუნო ინფორმაციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მხოლოდ ერთი გზა აქვს - წარმოაჩინოს რეალური დამოუკიდებლობა ჩინეთისაგან", - ვკითხულობთ წერილში.

დაფინანსების სამუდამოდ შეჩერების გარდა ტრამპი ჯანმოს წევრობის გადახედვითაც იმუქრება.

აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო და მათი შემოსავლის თითქმის 15%-ს იხდიდა.

ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა თქვა, რომ მხარს დაუჭერენ გამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თუმცა შესაფერის დროს. მსგავსი განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა. მან თქვა, რომ მხარს დაუჭერს პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოძიებას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირუსის კონტროლს შეძლებენ.

ევროკავშირი და ავსტრალია ვირუსის წარმოშობის და გავრცელების საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლის.

ახალი კორონავირუსი პირველად გასულ წელს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 317 171 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 4 827 135 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

კომენტარები