ნავთობის ბაზარი

12 მარტის შემდეგ პირველად, რუსული ნავთობის ფასმა 30 დოლარს გადააჭარბა

რუსული წარმოების ყველაზე მოთხოვნადი URALS-მარკის ნავთობის ფასი ორშაბათს, 18 მაისს, 1,2 დოლარით გაიზარდა და 30 დოლარს გადააჭარბა. ეს, მარტის შუა რიცხვების შემდეგ, რუსული ნავთობის ყველაზე მაღალი ფასია. 

რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა ხმელთაშუაზღვის რეგიონშიც. ანალიტიკოსების აზრით, ნავთობზე ფასების აღდგენა OPEC-ისა და რუსეთის ახალ შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებას ითვალისწინებს.

ფასების ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნაა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, აპრილთან შედარებით მიმდინარე თვეში ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა დღეში 700 ათასი ბარელით გაიზარდა. 

გასული თვეები რუსული სანავთობო ინდუსტრიისთვის ბოლო ათწლეულელებში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ამ პერიოდში რუსული ნავთობის ფასმა რამდენიმე ისტორიული ანტირეკორდი განაახლა. მათ შორის, პირველ აპრილს რუსული URALS-ის ფასი 10,5 დოლარს გაუტოლდა, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში  რუსეთის ბიუჯეტი ვერ იღებდა ვერანაირ შემოსავალს სანავთობო ინდუსტრიიდან. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში URALS-ის საშუალო ფასი ბარელზე 19 დოლარი იყო, ხოლო ტონაზე -139 დოლარი. შესაბამისად, პირველი მაისიდან საექსპორტო ტარიფი ტონაზე 6,8 დოლარი, ხოლო ბარელზე 90 ცენტი იქნება. სწორედ ამდენს მიიღებს რუსეთის ბიუჯეტი ყოველი გაყიდული ბარელიდან თუ ტონიდან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს რუსეთის ეკონომიკის 5,5%-იან კლებას ვარაუდობს. 

კომენტარები