ვლადიმირ პლახოტნიუკი

მოლდოვა პლახოტნიუკს მილიარდიანი თაღლითობისთვის სდებს ბრალს, აშშ-ს მის ექსტრადირებას სთხოვს

Osservatorio Balcani

მოლდოველ ოლიგარქსა და ქვეყნის ყოფილ არაფორმალურ მმართველს, ვლადიმირ პლახოტნიუკს, მოლდოვის პროკურატურა 2014-15 წლებში ადგილობრივი ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის გატაცების საქმეში სდებს ბრალს.

მოლდოვის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პლახოტნიუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორშაბათს, 18 მაისს აღიძრა და მოიცავს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, თაღლითობისა და გამომძალველობის ბრალდებებს.

ვლად პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, ქვეყნიდან 2019 წლის ივნისში აშშ-ში გაიქცა, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა. როგორც მოლდოვის პროკურატურაში ამბობენ, როგორც კი ბრალი მომზადდება და ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა მის ექტრადირებას მოითხოვს.

საქმე, რისთვისაც პლახოტნიუკს ბრალი ედება, ქვეყანაში "საუკუნის ძარცვად" არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს.

სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. გარდა ამისა, მოლდოვას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც.

2020 წლის იანვარში აშშ-მა ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.

"ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. კორუფციასთან ბრძოლაში აშშ მხარს უჭერს მოლდოვას", - წერდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

კომენტარები