საარჩევნო შეთანხმება

ბოკერია პრეზიდენტზე: შეწყალებაზე ივანიშვილისთვის თქმა ნორმალური ქვეყნისთვის ალოგიკურია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ არჩილ თალაკვაძეს, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას წინასწარ უთხრა.

"ჩემთვის ცოტა უცნაურია, მან თქვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებს დავუკავშირდიო და ივანიშვილი რომელი ინსტიტუტის ხელმძღვანელია? მმართველი პარტია მანდ არ შედის. პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს რომ უთხრა, ეგ მესმის და ლოგიკურიც არის. აი, ივანიშვილი ნორმალური ქვეყნისთვის არალოგიკურია, დღევანდელი არანორმალური ვითარებისთვის ლოგიკური", - თქვა ბოკერიამ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე, ქართულ ოცნებაში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ - ბოკერიას თქმით, ეს მოკლევადიანი სიცრუეა.

"ამ ისტორიაში აღსანიშნავია, როგორი მოკლევადიანი სიცრუეები არის სამარკო ნიშანი ივანიშვილის გარემოცვის. რა საჭირო იყო ამ ტყუილის თქმა, რომ არაფერი არ ვიცოდით და აღვშფოთდით. ხო ნათელი იყო, რომ ინფორმაცია ჰქონდათ. მე არანაირ ბრალდებებს არ ვისვრი ახლა და არც მაინტერესებს, რა ანატომიით მიიღო ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება. შედეგი იყო კარგი, ოღონდ არასრული ჯერ", - თქვა ბოკერიამ.

---

საერთაშორისო საზოგადოებისგან წამოსული წნეხის ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ორივე მათგანს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ მათ გათავისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 

შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე ქართულ ოცნებაში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც თქვეს, რომ პრეზიდენტთან ამ საკითხის შესახებ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

თუმცა, 19 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეწყალებამდე მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები