საქართველოს საპარტრიარქო

TDI საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე: მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს

საქართველოს საპატრიარქო

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები შევა და შესაძლებელი გახდება, სახელმწიფო ტყეები საპატრიარქოს გადაეცეს. 

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროექტს! საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა თანასწორუფლებიანობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები", - ვკითხულობთ TDI-ს განცხადებაში.  

საქართველოს პარლამენტი ტყის კოდექსის კანონპროექტს დღეს, 21 მაისს, განიხილავს.  

20 მაისს გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა. 

თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთრებაში მიიღებს ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობს. 

TDI ამ ცვლილებებს მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა და საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება უარყოფითად შეაფასა.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები", - წერდა TDI.

კომენტარები