აშშ-მა რუსეთს ფილტვების ვენტილაციის აპარატების პირველი პარტია გადასცა

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვის ერთ-ერთ აეროდრომზე დღის პირველ ნახევარში დაეშვა. თვითმფრინავმა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის საჩუქრად განკუთვნილი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების პირველი პარტია ჩაიტანა.

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთში გერმანიიდან ჩაფრინდა. საელჩოში ამბობენ, რომ 50 სასუნთქი აპარატი რუსი ხალხისთვის განკუთვნილი საჩუქარია და დანარჩენ 150 სასუნთქ აპარატს რუსეთი უახლოეს დღეებში მიიღებს. 

მანამდე, აპრილში, რუსეთმა აშშ-ს საკუთარი წარმოების რამდენიმე ათეული აპარატი გადასცა, თუმცა დახმარება ფუჭი გამოდგა. წინა კვირებში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე სასუნთქი აპარატი აალდა, რის შედეგადაც 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შემდეგ აშშ-მა რუსული წარმოების აპარატების გამოყენებაზე უარი თქვა. 

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განაცხადეს, რომ რუსული წარმოების აპარატები აშშ-ში არ გამოუყენებიათ, ისინი ჯერ კიდევ არ იყო დამონტაჟებული საავადმყოფოებში.

აპრილის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში რუსეთს, შესაძლოა, დახმარება დაჭირდეს და გამოთქვა მზაობა, რუსეთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები გადასცეს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსის 317 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3,999 პაციენტი.

კომენტარები