ხუნდაძის კანონპროექტი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ საგანგაშო ინიციატივა - ვინ რას ფიქრობს შეზღუდვების კანონპროექტზე

დღეს, 21 მაისს, პარლამენტმა 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, I მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად, ივლისის შუა რიცხვებამდე ჩაიწეროს.

მთელი დღის განმავლობაში გარდამავალ დებულებებზე საუბარი არ ყოფილა. რამდენიმე წუთით ადრე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არსებულ ვითარებაში მხოლოდ სამი ვარიანტი არსებობს: საგანგებო მდგომარეობის დატოვება, ვირუსის მიშვება ან ამ კანონის მიღება. მან ოპოზიციას ამ სამიდან ერთის ამოსარჩევად ხვალამდე ვადაც კი მისცა.

კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას ითვალისწინებს და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

რას ამბობს ქართული ოცნება:

გიორგი გახარია, პრემიერმინისტრი, 19 მაისი: "არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხა. ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ შეზღუდვების გაუაზრებელი, სწრაფი, ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ეკონომიკის აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება [...]  გამოხატვის თაავისუფლებას არ შეეხება".

გიორგი გახარია, პრემიერმინისტრი, 20 მაისი: საგანგებოს მოხსნის შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, 19 მაისი: "ცვლილებები, რომლებიც შემოგვაქვს აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება".

სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 19 მაისი: “საგანგებო მდგომარეობაში ნაციონალური მოძრაობა ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ამ საგანგებო მდგომარეობას ახასიათებდა ადამიანის უფლებების არნახული შეზღუდვა, რომელიც მათ შორის ხელყოფდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთერთი უმთავრესი უფლება, ადამიანის სიცოცხლის უფლება, აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი იყო მათი მმართველობის პერიოდში. გვაცალეთ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, გვაცალეთ!"

დიმიტრი ხუნდაძე, კანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 19 მაისი: "ოცნებამ მოღვაწეობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაიწყო, დღემდე ასეა".

ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების წევრი, 20 მაისი: "ოპოზიციამ აირჩიოს - საგანგებოს შენარჩუნება, ვირუსის მიშვება ან ეს კანონპროექტი".

რას ამბობს ოპოზიცია

გიგა ბოკერია, ევროპული საქართველო: [ქართულ ოცნებას] "რატომ ამბობთ უარს საკუთარ როლსა და ფუნქციაზე?".

გიგა ბოკერია: "წინადადება მაქვს, თქვენ როგორც გიყვართ თქმა - კონსტუქციული. თქვენ აქ თქვით, რომ სხვა რეგულაციები, რომელიც ტერმინ „საგანგებო მდგომარეობასთან“ არის დაკავშირებული, პრობლემური იყოს და ისე გვინდა, რომ საგანგებო ზომები არსებობდეს, ამ საგანგებო მდგომარეობასთან მიახლოებული არ გვჭირდებოდესო. ერთადერთი რაციონალურთან მიახლოებული ეს მოვისმინე. გთავაზობთ, სხვა ტერმინი გამოვიყენოთ, ოღონდ პარლამენტის კონტროლი დავტოვოთ. იყოს საგანგებო ზომები და პარლამენტის კონტროლზე, სამოქალაქო კონტროლზე, ხალხის კონტროლზე ნუ იტყვით უარს".

სერგო რატიანი, ევროპული საქართველო: "მთავრობისგან ამ უფლების მოთხოვნაც კი შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა იყოს დაწესებული, უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება".

თინა ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობა: "ესაა ნაბიჯი ავტოკრატიული მმართველობისკენ, ის არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, ის შლის საპარლამენტო ფილტრსა და კონტროლს, ის ბლანკეტურად და ყოველგვარი მაკონტროლებელი ბერკეტის გარეშე აძლევს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ შეუზღუდოს ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, ან მოქალაქეთა ჯგუფს შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმეა, რა თქმა უნდა, ასეთი უფლებამოსილების უზურპაცია მთავრობისგან წინასაარჩევნოდ [...] იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეზღუდვების შედახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, პარტია მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს".

რას ამბობენ დამოუკიდებელი დეპუტატები:

მარიამ ჯაში: "განსაკუთრებით საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები ხელისუფლებებს გარკვეული მანიპულირების საშუალებას აძლევს".

მარიამ ჯაში: "თუ ოცნება კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავა, რამდენადაც ეს კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს".

ეკა ბესელია: "ეზღუდვების დროს, გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს. საგანგებო მდგომარეობა პოლიტიკურ სივრცეს კლავს და პოლიტიკურ ველს ძალიან ავიწროებს. ჩანდა მხოლოდ მმართველი პარტია, მთავრობის წევრები, ექიმები. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ თუკი ეს შესაძლებლობა მათ მუდმივად ექნებათ, როცა დაჭირდებათ, რატომაც არა და შემოიტანეს ესეთი გაუგონარი კანონპროექტი".

ზვიად კვაჭანტირაძე: "კატეგორიულად მოვითხოვთ ზურაბიშვილისგან, დაადოს ამ კანონპროექტს ვეტო".

ლევან კობერიძე: "ნაციონალური მოძრაობის დროსაც, როცა პრაქტიკულად ავტორიტარიზმი იყო რეალურად ქვეყანაში, მათაც კი მსგავსი ტიპის კანონები არ მიუღიათ. ქართულ ოცნება, რომელიც სწორედ იმ ნიშნით მოვიდა, რომ იმ ავტორიტარიზმს ებრძოდა, ახლა იმაზე უარესს ვაკეთებთ - კანონის დონეზე გვინდა, რომ ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადავდგათ".

რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" შეფასებით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია - არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომ უფლებების შეზღუდვა კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს; არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს; ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს; 

"გამომდინარე იქიდან, რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ფარგლებს, შეუძლებელია სრულფასოვანი შეფასება იმის, თუ რამდენად დააკმაყოფილებს იგი კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნას- დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი. მართალია, კანონპროექტში აღნიშნულია კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა მოხდეს აუცილებელი და პროპორციული ზომების გამოყენებით. იმ პირობებში, როდესაც კანონი არ ადგენს კონკრეტულ წინაპირობებსა და უფლების შეზღუდვის ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნების და არააუცილებელი/არაპროპორციული საშუალებების გამოყენების რისკები მთავრობის მხრიდან საკმაოდ მაღალია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საკმაოდ მკაცრი ადამინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის", - მიუთითებს GDI.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დასკვნით, გატარებული და დაგეგმილი ცვლილებებით განუზომლად იზრდება მთავრობის მანდატი.

ამასთან, საგანგებო ვითარების განმავლობაში, მრავალი სახიფათო პრაქტიკა და ტენდენცია გამოვლინდა. კერძოდ: 

  • საგანგებო მდგომარეობის დროს მინიმალურად ან საერთოდ არ ხორციელდებოდა გატარებული ღონისძიებების საპარლამენტო ზედამხედველობა და სასამართლო კონტროლი;
  • კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საგანგებო ღონისძიებების კანონიერებისა და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხები;
  • საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიკვეთა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და წონასწორობის დარღვევის საფრთხეები; 
  • 23 აპრილს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით გაჩნდა რეალური საშიშროება, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, მოახდინოს საგანგებო მდგომარეობის ნორმალიზება და ჩვეულებრივი მდგომარეობის დროსაც მსგავსი ზომები გამოიყენოს;
  • განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით განუზომლად იზრდება მთავრობის მანდატი და შესაძლებლობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის უფლებების დაცვას;
  • მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს უფლება მიეცა შეიმუშავოს იზოლაციის/კარანტინის წესები. კანონის არასათანადო გარანტიებისა და დაგეგმილი ცვლილებების ფონზე, ეს შესაძლოა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის წყარო გახდეს;
  • გაიზარდა შსს-ის უფლებამოსილებები იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევის გამოვლენის, შეფასებისა და აღსრულების თვალსაზრისით;
  • იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში, შსს-ის მიერ სპეციალურ სივრცეში პირის გადაყვანისას არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სათანადო გარანტიები, ასევე ამ დროს პირს შეზღუდული აქვს ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება;
  • იზოლაციის ან კარანტინის წესის, ისევე როგორც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას არა სასამართლო, არამედ შსს იღებს;
  • საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომის გამოყენება ეფუძნება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რაც მთავრობის უკონტროლო ძალაუფლებისა და ადმიანის უფლებების დარღვევის წინაპირობა შეიძლება გახდეს;
  • გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია".

კომენტარები