საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბოკერია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღადგინოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა

ტაბულა

ევროპული საქართველო მოუწოდებს მთავრობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღადგინოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ისაუბრა.

ბოკერია ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გარეშე ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია.

"სანამ ტაქსებზე კიდევ შეზღუდვებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუხსნიათ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს - გაჭირვებულებს და საშუალო კლასს - არ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ.

ამიტომ სწრაფად არის დასაწყები, ახლავე, და არა გადადებით და არა მანამ სანამ ევროპული საქართველო, ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, ან საზოგადოება აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დარჩეს გონივრული შეზღუდვები ტრანსპორტთან დაკავშირებით, როგორიც არის რაოდენობის შეზღუდვა ან პირბადეების ტარების აუცილებლობა.

"ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს და პირიქით, დამძიმდება მათი ვითარება იმიტომ, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდეს," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლები მანქანებში ხალხის რაოდენობის შეზღუდვაზე საუბრობდნენ, ოპოზიციის წნეხის შედეგად კი დღეს ეს შეზღუდვა მოხსნეს. 

"გუშინ, ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნების შემდეგ მანქანებზე, ვინც უსმინეთ ხუნდაძეს,ამ პარლამენტის და ამ სამთავრობო გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, თუ რატომ უნდა დარჩეს ეს შეზღუდვა.

დღეს პრემიერმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკის აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს, ევროპული საქართველო დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ დატოვეს ტაქსებზე რაღაც შეზღუდვები კიდევ," - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოაწეროს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისს, სრულდება. იხსნება კომენდანტის საათიც. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე შეზღუდული იყო მანქანაში 3 ადამიანზე მეტის მოთავსება და მძღოლის გვერდით ჯდომა. 23 მაისიდან ეს შეზღუდვა პირადი სარგებლობის მანქანებზე უქმდება და მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

კომენტარები