საპატრიარქო

მიტროპოლიტი გერასიმე: როგორ გაიჩეხა ტყე, ხო ხედავთ? შევუნახავთ მომავალ თაობას

მთავარი არხი

"არჩევნებამდე ძალიან ადრეა და ადამიანი ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ამით გული მოიგოს" - ასე პასუხობს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე შეკითხვას, ცდილობს თუ არა ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს გულის მოგებას მათთვის ეკლესიებთან არსებული ტყეების დასაკუთრების უფლების მიცემით. 

"როგორ გაიჩეხა ტყე, ხო ხედავთ? თუნდაც აქ, სამეგრელოში, სვანეთში... აღარ ვიტყვი სხვა რეგიონებზე. მე ყველაზე კარგად ვიცი ჩენი რეგიონი - როგორ გადიოდა აქედან ხე-ტყის მასალა. შევუნახავთ მომავალ თაობას", - ამბობს მიტროპოლიტი გერასიმე. 

22 მაისს ქართული ოცნების უმრავლესობამ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა და წინააღმდეგ არავინ წასულა. ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კენჭისყრას არ დასწრებია. 

ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ინსტიტუტი TDI კანონის შესაბამისი მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC). ორგანიზაციის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკურად გამოყენების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს. 

კომენტარები