კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა და უკვე აღრიცხულის კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსის ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება და ის უკვე აღრიცხული ინფიცირებული ადამიანის კონტაქტია. 

ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ეზუგბაიამ თქვა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 34 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას და ახალი პაციენტები არ მიუღიათ. ექიმის განმარტებით, კლინიკას ჯერჯერობით კვლავ სამი მძიმე პაციენტი ჰყავს, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. 

"დღესაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია. პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით. გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ მკვეთრი გაუმჯობესება არ გვაქვს, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და, ალბათ, პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან", - თქვა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მათგან ერთერთი 80 წელს გადაცილებული ქალია, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო და მას გამოჯანმრთელებული პლაზმით უმკურნალეს. 

"ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალის პროგნოზი კეთილსაიმედოა", - თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 193-ია, რაც გამოჯანმრთელებულების რიცხვზე ბევრად დაბალია. 

გასული ღამის შემდეგ საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელების კი - 4. 

კომენტარები