კორონავირუსი

აშშ-მა კორონავირუსის გამო ბრაზილიიდან მომავალთათვის სპეციალური შეზღუდვები დააწესა

ჟაირ ბოლსონარო
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ბრაზილიიდან მომავალთათვის სპეციალური შეზღუდვები წესდება. კერძოდ, აშშ-ში არ შეუშვებენ პირს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდა.

"მივიჩნიე, რომ აშშ-ის ინტერესებშია იმოქმედოს და შეზღუდოს ან შეაჩეროს აშშ-ში შესვლა, როგორც იმიგრანტებისათვის, ასევე არა-იმიგრანტებისათვის, ყველა უცხოელისათვის, ვინც აშშ-ში ჩასვლის მცდელობამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა თქვა, რომ შეზღუდვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას არ შეეხება.

აშშ-ის შემდეგ ბრაზილია ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი 365 213 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1 595 ახალი შემთხვევა, დაღუპულთა რიცხვი კი 22 746-ს აღწევს. ტესტირების ნაკლებობის გამო სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პიკი რამდენიმე კვირაში დადგება.

ვირუსით ყველაზე მეტად ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი სან-პაულუ დაზარალდა. 20 მაისს ქალაქში 5-დღიანი დასვენება გამოაცხადეს, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. ქალაქის მერმა თქვა, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო ჯანდაცვის სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლება. მისი თქმით საავადმყოფოებმა შესაძლებლობის 90%-ს მიაღწიეს და მალე პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ ექნებათ.

ქალაქის ხელმძღვანელობას კარანტინის ზომების გამკაცრება სურს, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო კი წინააღმდეგია და ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს შეამსუბუქონ ზომები და გახსნან ეკონომიკა.

მიმდინარე თვეს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხზეც. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონები და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

ბოლსონარო კვლავ მხარს უჭერს პლაქვენილის გამოყენებას:

"რა არის დემოკრატია? თუ არ გსურთ, ნუ მიიღებთ. არავინ გაძალებთ ქლოროქვინის მიღებას. ვინც სწორ მხარესაა მიიღებს მას, ვინც არა Tubaína (ბრაილიაში პოპულარული გამაგრილებელი სასმელი) დალიოს", - თქვა მან.

ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დროებით ედუარდო პაზუელო, არმიის მოქმედი გენერალი იკავებს. მან რჩევები გამოსცა, რომელშიც კორონავირუსის წინააღმდეგ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებაც შედის.

კომენტარები