ბართლომე შელია

უგულავა შელიასთვის ბრალის წარდგენაზე: მეც "ჩამიდეს" ძიუდოისტი, დაახლოებით იგივე სცენარია

ტაბულა

გიგი უგულავას შეფასებით, ზუგდიდში ევროპული საქართველოს წევრის და საკრებულოს დეპუტატისთვის ბრალის წარდგენა დაახლოებით იმავე სცენარით მიმდინარეობს, რა სცენარითაც "მის მიერ ძიუდოისტის ცემის" საქმე წარიმართა.

უგულავას თქმით, ბათლომე შელია ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსია ზუგდიდში, წარმოადგენს ევროპულ საქართველოს და მას აქვს მართლა მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის პოლიტიკური, რაც საკმარისია იმისთვის, რომ "ქართული ოცნება და მათი პროკურატურა მას ველურად მოექცეს".

"მე მაქვს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ძიუდოისტი „ჩამიდეს“ და დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც.

საქმე ის არის, რომ არავის ამის აღარ ეშინია. რაც არ უნდა ბრალდებები დაკიდო კისერზე ადამიანს, რაც არ უნდა შეაშინო პროკურატურით და ა.შ. სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. ის ორმაგი სტანდარტი, რაც დამკვიდრებულია, რომ თავისიანებს არაფერი და კანონის სრული სიმკაცრე უნდა შეეხოს მარტო ოპოზიციას, ბუმერანგივით მოუბრუნდება ქართულ ოცნებას, ამიტომ არაფერს ეს არ შეცვლის, გარდა იმისა, რომ დააზიანებს საერთაშორისო რეპუტაციას ქართული ოცნების და თვითონ ქართულ ოცნებას დააზიანებს, ეს მათი არჩევანია და ბათლომე შელია ამით არაფერს დაკარგავს", - თქვა მან.

საქართველოს პროკურატურამ ევროპული საქართველოს წევრს, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს, ბართლომე შელიას და კიდევ ერთ პირს, დ.ღ.-ს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ სამოქალაქო აქტივისტს, როსტომ ზარანდიას თავის არეში დაზიანება მიაყენა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იმავე დღეს, დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და როსტომ ზარანდიას შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბართლომე შელიამ როსტომ ზარანდიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ზარანდიამ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო.

პროკურატურა სასამართლოს დაკავებულებისთის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

კომენტარები