კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: როცა საზ. ტრანსპორტი დააკმაყოფილებს ყველა ნორმას, შესაძლოა მისი აღდგენა დაჩქარდეს

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერში" საუბრისას ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, ამ ეტაპზე, უკვე არსებობს კონკრეტული რეგულაციები, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. 

"მას შემდეგ, რაც ჩვენ ავწონით ყველა იმ რისკსა და ასევე, დასაშვები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას და დასაშვები მგზავრების რაოდენობას, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ტრანსპორტში დაიშვას, ამის შემდეგ, მოხდება ამ რეგულაციის დადგენა", - ამბობს ტიკარაძე. 

კითხვაზე, დღეს რა უშლის ხელს ტრანსპორტის აღდგენას, იმ შემთხვევაში თუ მგზავრები ვირუსისგან დამცავი საშუალებებით იმგზავრებენ, ტიკარაძე ამბობს, რომ ტრანსპორტის აღდგენის შემთხვევაში არსებობს ეპიდემიის გავრცელების რისკი. 

"ეპიდემიის გავრცელების რისკი ამ შემთხვევაში გაიზრდება, რაც ჩვენ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ მოგვიწევს ამ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება და ისევე როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე მთავრობასაც არ აქვს ამის სურვილი. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ ფრთხილი ნაბიჯებით და მეტად უფრო დეტალური ანალიზით შევძლოთ ის, რომ ნებისმიერი შემსუბუქებული რეგულაცია ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს ქვეყანაში და არ გვქონდეს უკან გადასადგმელი ნაბიჯები", - ამბობს ტიკარაძე. 

ტიკარაძის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და თუკი ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დააკმაყოფილოს ყველა საჭირო ნორმა, შესაძლებელია, გადაწყვეტილება დაჩქარდეს. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს დასრულდა. მოიხსნა კომენდანტის საათიც. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება.

საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, 12 კი - გარდაიცვალა.

კომენტარები