საქართველოს საპატრიარქო

ანდრია ჯაღმაიძე წელიწადში 25 მილიონზე: თითო ადამიანზე იცით, რამდენი მოდის? 12 ცენტი თვეში

მთავარი არხი

ეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი წელიწადში ცოტაა.

საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი ამ შეფასებას იზიარებს.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშიც გააკრიტიკა - TDI-ის განცხადებით, 2002-დან 2019 წლამდე საპატრიარქომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

"გასაგებია, რომ 25 მილიონი ერთი ადამიანისთვის ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ, რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, მეც მქონდა ციფრები გამზადებული. 17 წლის თანხას რომ აჯამებ, ეს სწორია?

მაშინ ვიანგარიშოთ ასე - თითო ადამიანზე იცით, რამდენი მოდის? 12 ცენტი თვეში. ", - თქვა მან.

კითხვაზე უნდა იყოს თუ არა საპატრიარქოს დაფინანსება მეტი, ჯაღმაიძე პასუხობს: "12 ცენტი ბევრია? რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იყოს".

მისი განმარტებით, საპატრიარქოს არც ერთი მანქანა და ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის დაფინანსებული ამ 25 მილიონიდან - ის მხოლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება.

"ეს თანხა [25 მილიონი ლარი წელიწადში] არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. ფინანსთა სამინისტროს მიეწოდება დანიშნულება და რიცხავს სახელფასო ფონდებში, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ეს გამოიკვლიეს არა ჩვენგან დაქირავებულმა საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა. დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი ეს 25 მილიონი, სრულად, 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სკოლები, როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე ზნეობრივ-მორალური დონით.

ჩვენს სკოლებში არ ხდება ბულინგი, არასდროს მომხდარა არც ერთი კრიმინალური ინციდენტი", - თქვა მან.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ამბიონიდან ქადაგებისას თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "ყველაფერში ნეგატივს ეძებენ" და ამიტომ გაამრავლეს 17 წლის შემოსავალი.

მისი თქმით: "სამ მილიონ ნახევარი კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მილიონი რომ გავყოთ სამ მილიონ ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, ერთ კაცზე 59 თეთრი გამოდის, ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისათვის?".

TDI-ის ანგარიშის მიმოხილვა წაიკითხეთ აქ.

ანგარიშის გამო მიტროპოლიტმა ანტონმა ანტირუსული და ჰომოფობიური განცხადებებიც გააკეთა, რაც ანდრია ჯაღმაიძემ ასვეე განმარტა.

კომენტარები