ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

დოროყაშვილის ადვოკატი: გვაქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

"გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს" - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში თქვა. მან კომენტარი ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ადვოკატის ნათქვამზე გააკეთა, რომლის მტკიცებითაც, ბასილაშვილი ამ საქმეში "წყაროს წყალივით წმინდაა".

"გულწრფელად გეუბნებით, ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს. ადრე თუ გვიან, ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი პირველ რიგში სასამართლოსთვის. სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენც და იმედი მაქვს, სახალხო დამცველიც. და თუ ვინმეს რაღაც ეჭვი მაინც აქვს, რომ პროვოკატორია ეს ადამიანი [ნელი დოროყაშვილი], ის ნახავს ვიდეოკადრებს, სადაც, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს. ასეთი ვიდოკადრები არსებობს. ეს ვიდეოკადრები გვაქვს და ამის შესახებ სასამართლოს გავლით ხალხი გაიგებს" - ამბობს აბაშიძე.

ადვოკატის თქმით, კადრები აჩვენებს, რომ "ბატონი ბასილაშვილი არა ერთხელ, არამედ სისტემატურად ძალადობდა". მისი შეფასებით, ეს ამძიმებს ბრალდებულის მდგომარეობას.

"ამას აუცილებლად გაიგებს ხალხი. ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, მე ძალიან ვიკავებ თავს, რომ იმაზე მეტი არ ვთქვა, ვიდრე შეიძლება... მაგრამ თვითმხილველი მოწმეებიდან დაწყებული, ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს საქმეში, რომელიც სამწუხაროდ, ანგრევს მითს ბატონი ბასილაშვილის სიმშვიდესა და გაწონასწორებულობაზე.

ეს არავის უხარია, ქალბატონი ნელი იყო პირველი და ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მედიაში ამის განხილვას" - აღნიშნავს აბაშიძე.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. 

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ბასილაშილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, კონფლიქტში ჩაერია ბასილაშვილის მამაც და მას "რაღაც იარაღით" გაეკიდა. 

საპატიმროს დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა სპორტსმენმაც. ის ამბობს, რომ ყოფილ ცოლთან "საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა", არ აპირებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, "მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის და ოჯახის მტკიცებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები