გახარია პარლამენტში

გახარია: 60 000-ზე მეტი კომპანია აგრძელებდა მუშაობას, ათობით ათასი სამუშაო ადგილი შენარჩუნდა

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსი წარმატებით მართა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, 65 ათასი კომპანია მუშაობას წარმატებით აგრძელებდა და ათობით სამუშაო ადგილი შენარჩუნებული იყო.

ეს კი, გახარიას თქმით, შესაძლებელი ოპერატიული მართვის შტაბით გახდა, რომელსაც რეგიონულ დონეზე გუბერნატორები ხელმძღვანელობდნენ.

პრემიერმა პარლამენტში, კორონავირუსის მართვის ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც ევროპაში.

"ყველამ შესაძლოა არ იცის, მაგრამ ქვეყანაში არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია.

ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან სამუშაო ადგილები გამხდარიყო ინფექციის გავრცელების წყარო. იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად. მაგალითად, იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც იმისთვის კი არ გვქონდა გადაკეტილი, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ იმისთვის, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და რომ იქ ინფექცია არ შესულიყო.

ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არც ერთი დღე არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლაზე შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეპიდემია,“- თქვა გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. დაიხურა რესტორნები, სასტუმროები, მაღაზიები, ტრანსპორტი და სხვა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თვეში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მათ უკვე მიმართა 78 000-მა ადამიანმა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, თუმცა, მათი რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

კომენტარები