კორონავირუსი სამხრეთ კორეაში

Covid-19-ის შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში მკაცრი ზომების ხელახლა შემოღებას განიხილავენ

სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომების ხელახლა შემოღებას განიხილავენ.

28 მაისს ქვეყანაში ინფიცირების 79 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 67 - სეულის ერთ-ერთ უბანში.

ოფიციალური პირების თქმით, ვირუსის გადაცემის წყაროების დადგენა რთულდება და არსებობს მეორე ტალღის საფრთხე.

მოსახლეობას მოუწოდეს, თავი აარიდონ არასაჭირო შეკრებებს, ხოლო კომპანიებს - ავადმყოფ თანამშრომლებს დასვენების დღეების აღების საშუალება მისცენ.

კარანტინის ზომების შემსუბუქების შემდეგ დედაქალაქში 250-მდე ადამიანი დაავადდა, გამოვლინდა რამდენიმე მსხვილი კლასტერი, მათ შორის ორი კლუბსა და ბარში, ერთი კი ონლაინ ვაჭრობის კომპანიის გამანაწილებელ ცენტრში. ცენტრის 4 000 თანამშრომლიდან 3 500-ს ტესტირება ჩაუტარდა და მათგან 69-ს ვირუსი დაუდასტურდა.

კომპანიამ ვერ შეძლო დაეცვა სახელმწიფოს მიერ მითითებული ზომები, მათ შორის თანამშრომლებს შორის დისტანცია და პირბადის სავალდებულო ტარება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი თანამშრომელი, რომელსაც სიმპტომები გამოუვლინდა, იძულებული იყო, მუშაობა გაეგრძელებინა.

სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი გამაოვლინეს, თუმცა, შეზღუდვების დროულად შემოღებისა და აგრესიული ტესტირების მეშვეობით, მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 11 344 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 269, გამოჯანმრთელდა - 10 340. ვირუსის გავრცელების შეჩერების შემდეგ, 6 მაისიდან ქვეყანაში სოციალური დისტანციის წესები შემსუბუქდა, გაიხსნა ბიზნესები და სკოლები.

კომენტარები