8 მარტის შეთანხმება

ბოკერია: რურუას გათავისუფლება პრაგმატული ინტერესია, რათა ივანიშვილი სიტყვას ვეღარ უხვევდეს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რატომაა, მისი აზრით, გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციისთვის ის საკითხი, რაც გადამწყვეტია იმისათვის, რომ საპარლამენტო უმცირესობამ მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

ბოკერიას თქმით, რურუას გათავისუფლება საზოგადოების "პრაგმატული ინტერესია არა მარტო იმის გამო, რომ [იარაღი] ჩაუდეს და პოლიტიკური პატიმარია, არამედ ივანიშვილის შეგუებისთვის, რომ ფუნდამენტურ თამაშის წესებს ვერ უნდა გადაუხვიოს."

როგორც ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, თავისთავად პრობლემურია, "გიორგი რურუა რომ პოლიტმატიმარია" და "დაიჭირეს პოლიტიკური აქტიურობისთვის", თუმცა, ბოკერიას თქმით, არსებობს მეორე პრობლემაც:

"მეორე პრობლემაა, რომ ქვეყანა ასეთი რომ არ იყოს ამ ნაწილში, ვინც ხელისუფალია, ანგარიშვალდებულად უნდა გრძნობდეს თავს."

შესაბამისად, ბოკერიას აზრით, ოპოზიციას პრაგმატულად გაეზრდება რისკები წინასაარჩევნო პერიოდში "თუ ივანიშვილსა და მის გარემოცვას ექნება განცდა, რომ ასე შეიძლება გადაგდება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების, რომ შენ შენს ნაწილს არ შეასრულებ და მეორეს დაანამუსებ "ხათრში", რომ იმან უნდა შეასრულოს, თორემ დაგაბრალებო".

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ივანიშვილი შემოდგომაზე მშვიდობიანად უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას, რისთვისაც სასურველია, მან "დღესვე ისწავლოს გაკვეთილი, რომ სიტყვა უნდა შეასრულოს":

"ჩვენ გველის მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი, რომლის ბოლოს ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას მშვიდობიანად, ის მშვიდობიანად უნდა შეეგუოს ამას და დღეს თუ არ ისწავლა გაკვეთილი, რომ სიტყვა უნდა შეასრულოს, თორემ მეორე მხარე არ დათმობს, ეს კიდევ უფრო დიდ რისკებს შეგვიქმნის იმ გზაზე, რომელიც წინ გველის.

მეორე მხარეში არ ვგულისხმობ მხოლოდ პარტიებს, არამედ საზოგადოებას." - ამბობს გიგა ბოკერია.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, 15 მაისს შეიწყალა. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან. 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობაში დატოვა.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვება და არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 120/30-ზე პრინციპით. თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმების იმ ნაწილს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, საჯაროდ არ აღიარებს, მეტიც - უარყოფს.

იმას, რომ შეთანხმება 2 ნაწილისგან შედგება, ადასტურებს დასავლელი პარტნიორებისა და პოლიტიკური დიალოგის შუამავალი დიპლომატების განცხადებებიც.

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ შუამავალი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა (CDU/EPP), 13 მაისს მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

კომენტარები