კორონავირუსი საქართველოში

შემოდგომაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით Covid-19-ზე შემთხვევითი პრინციპით კვლევა ჩატარდება

საქართველოს მთავრობა

შემოდგომაზე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსზე შემთხვევითი პრინციპით კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ისაუბრა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების დროს გამყრელიძეს ერთი კვირის წინ ჩატარებულ სეროპრევალენტულ კვლევაზე დაუსვეს შეკითხვა. 

ასეთი კვლევა შერჩევითი მეთოდის გამოყენებას გულისხმობს და მიზნად ისახავს, დაადგინოს, ამა თუ იმ ადგილას, ადამიანებმა გადაიტანეს ან გადააქვთ თუ არა ვირუსი უსიმპტომოდ. 

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის სეროპრევალენტობის კვლევა ბოლნისსა და თელავშია ჩატარებული, სადაც კლასიკური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150-150 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. 

"ბოლნისი, როგორც ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი და თელავი, როგორც ჯერჯერობით მწვანე ზონა", - განმარტა გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, 300 ადამიანს დიაგნოსტირება ანტისხეულების სწრაფი ტესტებით ჩაუტარდა და ამასთან, პარალელურად მათ უტარდებოდათ ტესტი ანტიგენზე, ასევე სწრაფი დიაგნოსტირებით. 

"ბოლნისში ერთ ადამიანს დაუდასტურდა, თელავში არცერთს", - თქვა გამყრელიძემ. 

გამყრელიძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ამ ტიპის კვლევები გათვალისწინებული აქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე. მისივე განმარტებით, სწორედ ახლა ხდება ტურისტული მარშრუტების შემუშავება, სადაც პერიოდულ რეჟიმში ჩატარდება კვლევა. 

"შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ კლასიკური სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარებას აშშ-ის დაავადების ცენტრთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. შერჩეული იქნება რამდენიმე ათასი ადამიანი", - თქვა გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მათ ამ ტიპის კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით C ჰეპატიტთან დაკავშირებით აქვთ ჩატარებული, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა რეგიონში 7 000 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა. 

"შემოდგომაზე კვლევას ჩავატარებთ უკვე არა სწრაფი ტესტებით, არამედ კლასიკური სეროლოგიური მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია იმუნოფერმენტულ ანალიზზე, ე.წ ელაიზაზე, რომელიც უფრო ზუსტ მონაცემებს იძლევა", - თქვა გამყრელიძემ. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 794 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები