აშშ-ჩინეთი

Reuters: აშშ-მა, შესაძლოა, ჩინეთის არმიასთან კავშირის მქონე კომპანიებში ინვესტირება აკრძალოს

Reuters

გამოცემა Reuters წერს, რომ რესპუბლიკელი კანონმდებლები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ამერიკელებს ჩინეთის სამხედრო ძალებთან კავშირის მქონე თავდაცვის კომპანიებში ინვესტირებას აუკრძალავს.

კანონპროექტი კონგრესში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას უნდა წარადგინონ.

კანონი აშშ-ის სახაზინო მდივანს, სტივენ მნუჩინს დაავალდებულებს კონგრესს წარუდგინოს იმ თავდაცვის კომპანიების სია, რომლებსაც ჩინეთი სამხედრო ძალებთან მნიშვნელოვანი კონტაქტები, კავშირები ან მათგან მხარდაჭერა აქვთ.

ამერიკულ კომპანიებს და ამერიკის მოქალაქეებს 6 თვე ექნებათ, რათა ამ ფირებთან კავშირი გაწყვიტონ.

აშშ-მა ჩინეთს უკვე არაერთი სანქცია და ტარიფი დაუწესა. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჰონგ-კონგში ახალი კანონების მიღება გადაწყვიტა, რომელიც ქალაქის ავტონომიურ სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში მხარდაჭერას მოიპოვებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობდა იმ გზების პოვნაზე, რაც ამერიკელებს დაეხმარებათ თავიდან აიცილონ ჩინურ კომპანიებში ინვესტირების რისკები.

მან ასევე თქვა, რომ აშშ ჰონგ-კონგის სპეციალურ სტატუსს გაუუქმებს და ოფიციალურ პირებს სანქციებს დაუწესებს.

28 მაისს მედიაში გავრცელდა აინფორმაცია, რომ აშშ ათასობით ჩინელი სტუდენტისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს. წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, 3000-დან 5000-მდე ჩინელ სტუდენტს შეეხება.

ჰონგ-კონგის ახალი კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

კომენტარები