საპროტესტო აქციები აშშ-ში

დონალდ ტრამპი აშშ-ში არეულობის გაგრძელების შემთხვევაში არმიის გაგზავნით იმუქრება

დონალდ ტრამპი
BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ აშშ-ის ქალაქებში არეულობა გაგრძელდება სამხედრო ძალებს გაგზავნის.

მისი თქმით, თუ შტატები და ქალაქები ვერ მოახერხებენ თავად გაუმკლავდნენ საპროტესტო აქციებს და დაიცვან მათი მოქალაქეები, ის არმიას გაგზავნის, რათა პრობლემა სწრაფად გადაჭრან.

"ყველა ამერიკელი სამართლიანად აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ, მაგრამ მისი ხსოვნა ვერ უნდა გადაფაროს განრისხებულმა ბრბომ...

...ათასობით მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ვგზავნი, სამხედრო პირებს და სამართალდამცველებს, რათა არეულობა, ქურდობა, ვანდალიზმი, თავდასხმები და კერძო საკუთრების განადგურება შეაჩერონ...

...თუ ქალაქები და შტატები უარს იტყვიან საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მე გავგზავნი აშშ-ის არმიას, რათა მათი პრობლემა სწრაფად გადაჭრან," - თქვა მან.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ისაუბრა. პარალელურად კი მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა.

აშშ-ის ათობით შტატსა და ქალაქში საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა გრძელდება.

მშვიდობიანი აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები, შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია. ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარდგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. 

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

აქციების გამო აშშ-ის 15 შტატში და ასევე დედაქალაქ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. სულ შტატებში ეროვნული გვარდიის 5 000-მდე წევრი გაიგზავნა. გუბერნატორების თქმით ისინი ადგილობრივ სამართალდამცველებს კერძო საკუთრების დაცვაში, ძარცვის შეჩერებაში და გადაადგილების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.

40-მდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ზოგიერთ ქალაქში მისი გახანგრძლივება 8 ივნისამდე სურთ.

კომენტარები