დიდი შვიდეული

ჯასტინ ტრუდო: სანამ რუსეთი საერთაშორისო კანონების დარღვევას აგრძელებს, G7-ს გარეთ დარჩება

ჯასტინ ტრუდო
Vanity Fair

კანადა და დიდი ბრიტანეთი რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. კანადის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სანამ რუსეთი საერთაშორისო კანონების დარღვევას აგრძელებს, ის ჯგუფში ვერ დაბრუნდება:

"რუსეთი დიდი შვიდიანიდან ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა. რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო კანონების და ნორმების დარღვევას და სწორედ ამიტომ რჩება ჯგუფის გარეთ, და ეს ასე დარჩება", - თქვა კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერმა კი თქვა, რომ ჯონსონი ვეტოს გამოიყენებს ჯგუფში რუსეთის დაბრუნების დასაბლოკად და მხარს არ დაუჭერს დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ და დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ ქმედებებს.

"რუსეთი დიდი შვიდეულიდან ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა და ჯერ არ გვინახავს მათ ქცევაში რაიმე ცვლილება, რაც მათ უკან დაბრუნებას შეუწყობს ხელს", - თქვა ბორის ჯონსონის სპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც აშშ-ში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო გადადო. მისი თქმით, სამიტი სექტემბერში ჩატარდება, თუმცა ჯგუფი მოძველებულად მიაჩნია და სურს მასში სხვა ქვეყნებიც ჩართოს.

ამჟამად დიდი შვიდეულის ჯგუფში აშშ-ის გარდა კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო შედიან. ტრამპს კი სურს სამიტს დაესწრონ რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის და ინდოეთის ლიდერებიც. აშშ-ის პრეზიდენტს სამიტზე ჩინეთის საკითხის განხილვა სურს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპმა ჯგუფში რუსეთის დაბრუნებაზე ისაუბრა. რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. ტრამპა რუსეთის დაბრუნების იდეა გასულ წელს საფრანგეთში გამართულ სამიტზეც გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი თქვა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე ეს შეცდომა იქნება.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს დიდი შვიდეულის სამიტში რუსეთის ჩართვის საკითხს, თუმცა პასუხის გასაცემად აშშ-საგან მეტი დეტალი სჭირდებათ.

სამიტზე დასწრების სურვილი გამოხატეს ავსტრალიის და სამხრეთ კორეის ლიდერებმა.

კომენტარები