ირაკლი ღარიბაშვილის საათები

ღარიბაშვილი ძვირფას საათებზე: პოლიტიკამდე ივანიშვილთან ვმუშაობდი, მაღალი შემოსავალი მქონდა

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა რადიო თავისუფლების ჟურნალისტუ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, ღარიბაშვილისა და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული მაჯის საათების კოლექციის საერთო ღირებულება 550 000 ლარია, რაც დაახლოებით, 100 000 ლარით აღემატება ღარიბაშვილს დეკლარირებულ შემოსავალს. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკაში წასვლამდეც, როდესაც ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა, კარგი შემოსავალი ჰქონდა. 

"მე პოლიტიკაში არ მოვსულავარ ქუჩიდან, მე პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მქონდა მაღალი შემოსავალი, განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ", - თქვა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. 

"მე უნდა ვიყო მაშინ მილიარდერი. სისულელეა. არასწორია. ეს არის მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მინისტრის თქმით, როდესაც ის პოლიტიკიდან წავიდა, "სულ რაღაც ბოლო 2 წელში" მისი შემოსავალი ნახევარი მილიონი იყო, რაც სხვადასხვა კერძო კომპანიებისთვის მუშაობით გამოიმუშავა. 

"ამას გარდა, პოლიტიკამდე გითხარით ჩემი გამოცდილება ადამიანთან, რომელიც არის ჩემი ხელმძღვანელი და რომელთანაც ვმუშაობდი, უკვე ჯამში 16-17 წელია", - თქვა ღარიბაშვილმა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ. 

კომენტარები