ბრიტანეთი - ჰონგ-კონგი

ჯონსონი: თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში კანონებს აამოქმედებს, ბრიტანეთი ემიგრაციის წესებს შეცვლის

0 კომენტარი

იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აამოქმედებს, გაერთიანებული სამეფო მზადაა ქვეყნის ემიგრაციის წესები შეცვალოს.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმისტრმა, ბორის ჯონსონმა, 3 ივნისს განაცხადა

"1997 წლის გადაცემის შემდეგ, "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" იყო უმთავრესი კონცეფცია, რაც ჰონგ-კონგის საბაზისო კანონში იყო ასახული და ამას ხაზს უსვამდა ბრიტანეთისა და ჩინეთის ხელმოწერილი საერთო დეკლარაცია".

მისივე განცხადებით, ჩინეთის გადაწყვეტილება ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონების ამოქმედების შესახებ, ქალაქის თავისუფლებებს დიდად შეზღუდავს და მის ავტონომიას დაასუსტებს.

ჯონსონი ჩინეთის ნაბიჯს ერთობლივი დეკლარაციის ვალდებულებების შეუსრულებლობლად მიიჩნევს.

ცვლილებებს შედეგად ჰონგ-კონგისთვის ბრიტანეთის ეროვნული ზღვის იქითა პასპორტების მქონე პირებს გაერთიანებულ სამეფოში 12 თვით შეუშვებენ და შემდეგ მეტ საიმიგრაციო უფლებებს მისცემენ. მათ შორს, მუშაობის უფლებას, რის შედეგადაც, შესაძლოა, მათ მოქალაქეობა მოიპოვონ.

მსგავს პასპორტს 350 000 ჰონგ-კონგელი ფლობს. ჯონსონის განცხადებით, დამატებით 2.5 მილიონ ჰონგ-კონგელს ამ პასპორტის აღება შეეძლება.

ბრიტანეთმა ჩინეთს უთხრა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კანონებით აზიის ერთერთ ეკონომიკურ საგანძურს განადგურების საფრთხე ემუქრება, ამავდროულად კი - ჩინეთს რეპუტაცია უფუჭდება.

აღსანიშნავია, რომ ტაივანმა ჰონგ-კონგელებს, რომლებიც პოლიტიკურ მიზეზთა გამო ტაივანში წავლენ, დახმარება აღუთქვა, რაც ტაივანში ცხოვრებას და დასაქმებასაც მოიცავს. 

--------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება უკვე დააანონსა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები