არჩევნები 2020

ენმ მაჟორიტარებზე: იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით მაჟორიტარულ ოლქებზე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ენმ-ზე საუბრისას თქვა, რომ უპასუხისმგებლობა იქნება, თუკი საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებაზე უარს იტყვიან. 

ბეჟაშვილის განცხადებით, როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს. 

"სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს", - წერს ბეჟაშვილი. 

ბეჟაშვილის თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა დღესდღეობით სწორედ ესაა. 

"ენმ როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში", - თქვა ბეჟაშვილმა. 

4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონტექსტში თქვა, რომ სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია რაიმე მოტივით უარს იტყვის ამ შეთანხმებაზე. 

"არ არის დასამალი, ვისზე ვსაუბრობ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება ნაციონალური მოძრაობის ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, საიდანაც ჩანდა, რომ ამ იდეის გადახედვას აქვს ადგილი", - თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას ამ განცხადებას წინ უძღოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. 

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, და ოპოზიციის წარმომადგენლებს მაჟორიტარების გადანაწილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

ბრიფინგი გაიმართა ევროპული საქართველოს ოფისშიც. პარტიის ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, თქვა, რომ ევროპული საქართველო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს ნათელაშვილის ინიციატივას. 

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, კი Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

კომენტარები