კორონავირუსი საქართველოში

თუ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადე არ გეკეთებათ, 50 ლარით დაჯარიმდებით

ანა ბაციკაძე

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, მას 500 ლარით დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში ადამიანი პირბადის გარეშე არ შევიდეს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ. 

ანრი ოხანაშვილის თქმითვე, ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის, მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას" - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეებში, ბანკებში, აფთიაქებში, მაღაზიებში და ასე შემდეგ. ასევე, ტრანსპორტში.

კომენტარები