არჩევნები 2020

საერთო კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში - რა პოზიციები აქვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს

ანა გვარიშვილი
0 კომენტარი

საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, 5 თვე რჩება. არჩევნები, დიდი ალბათობით, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი - მაჟორიტარული პრინციპით.

ეს 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, თუმცა მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება, საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია კი უცვლელია - თუკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პირველ კენჭისყრამდე რურუა არ გათავისუფლდება, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

როგორ და ფორმით წარდგებიან ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში, ეს ამ დრომდე განხილვის საგანია.

8 მარტის შეთანხმების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ოფისის მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომი ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი შეთანხმდა სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც, საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში მათ ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენონ. ასეთ კანდიდატებს, მინიმუმ, კონკურენტი არ უნდა დაუყენონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და მაქსიმუმ - მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ამ გადაწყვეტილებას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. პირველი მიზანი ქართული ოცნების დამარცხების შანსების მნიშვნელოვან ზრდას ეხება.

ხოლო მეორე კი, საზოგადოების დაკვეთის - სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებას. უფრო კონკრეტულად კი 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებული აქციების ციკლის მთავარი მოთხოვნა სრულად პროპორციული არჩევნები იყო. მიუხედავად დადებული პირობისა, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ჩააგდო.

ახლა ოპოზიციას აქვს შანსი, რომ ვითარება მეტნაკლებად გამოასწოროს და ხმების დაფანტვისა და დაკარგვის თავიდან აცილებით, მიუახლოვდეს პორპორციული წარმომადგენლობის მიზანს. 

თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა, თუ პარტიასთან აფილირებული პირების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციურ ერთობაში გაურკვევლობა გამოიწვია.

მაგალითად, 1 ივნისს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, Facebook-ზე დაწერა, რომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე ფლანგიდან შეტევა იქნება.

"არჩევნების პირველ ტურში ამა თუ იმ მიზეზით არ უნდა დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. მეორე ტურში ერთობა კი გამოაჩენს, ვინ არის ნამდვილი პატრიოტული ოპოზიცია და ვინ ამბობს უარს საერთაშორისო თაღლითთან ნებისმიერი სახის ურთიერთობაზე", - წერს წიკლაური.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, კი იმავე დღეს თქვა, რომ მათ "ძალა ერთობაშიას" ფარგლებში უნდა განიხილონ მაჟორიტარულ ოლქებში გასვლის ფორმატი - დააყენებენ საერთო კანდიდატებს, თუ მეორე ტურებში გასულ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.

"ორივე ფორმატს გააჩნია თავისი მინუსები და პლუსები და ეს საკითხები არის განსახილველი", - თქვა უდუმაშვილმა.

ხოლო, ენმ-ისთან დაკავშირებული პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე "ლეიბორისტული ოფისის მაგიდიდან ადგომის" ინიციატივით გამოვიდა.

"მორჩა და გათავდა, გაირკვა უკვე რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება. გასაგებია. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის", - თქვა სანიკიძემ.

ამ განცხადებების ფონზე 4 ივნისს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დარჩენილი 30 ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა", - თქვა ნათელაშვილმა.

დღესვე ბრიფინგი გამართა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ.

"აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა, ესაა ჩვენი პოზიცია და აუცილებელია ამისთვის ყველამ საერთო ძალები და კომპრომისები გამოვძებნოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველანი ერთად, ისე უნდა იყოს კანდიდატებიც და თანამშრომლობითი პროცესიც", - თქვა ვაშაძემ.

ბრიფინგი გაიმართა ევროპული საქართველოს ოფისშიც. პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, თქვა, რომ ევროპული საქართველო სრულად იზიარებს შალვა ნათელაშვილის ინიციატივას.

"მთლიანად ვუჭერთ მხარს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, შევიკრიბოთ და კონკრეტულად შევთანხმდეთ იმაზე, ვინ იქნებიან ოპოზიციის კანდიდატები. პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისს გარეთაც", - თქვა ბაქრაძემ.

რაც შეეხება ევროპული საქართველოს კიდევ ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონტექსტში თქვა, რომ უპასუხისმგებლობა იქნება ამ შეთანხმებაზე რაიმე მოტივით უარის თქმა.

"არ არის დასამალი, ვისზე ვსაუბრობ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება ნაციონალური მოძრაობის ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, საიდანაც ჩანდა, რომ ამ იდეის გადახედვას აქვს ადგილი. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩათვლისთვის. ამის დიდი იმედი მაქვს ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი და თქვა, რომ როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ერთერთი მხარის მიერ ასეთი განცხადებების გაკეთება მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს.

ბეჟაშვილმა ასევე თქვა, რომ ენმ-ის აქვს იმედი, რომ შეთანხმება შედგება. თუმცა, განსხვავებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, რომან გოცირიძის, პოზიცია.

გოცირიძის შეფასებით, "არც ის იქნება დიდი უბედურება, თუკი ეს შეთანხმება ვერ მოხდა", თუმცა მისივე განმარტებით, სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში შეთანხმება შედგეს.

გოცირიძე ამ მიდგომას პატარა პარტიებით ხსნის, რომლებსაც ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, პარლამენტში შესვლის შანსი გაუჩნდათ. გოცირიძე თვლის, რომ ასეთი პატარა პარტიებისთვის 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებაა მნიშვნელოვანი.

თუმცა, მაგალითად, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ "მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია" და მისთვის ამ პროცესის სწრაფად დასრულება მნიშვნელოვანია, რადგან პარტიამ აქედანვე იცოდეს, როგორ აპირებს საარჩევნო კამპანიის გამართვას.

რესპუბლიკური პარტია ასევე უჭერს მხარს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მოხდეს კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში, უბრალოდ, ამის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, ნამდვილად 30 ოლქი გვექნება, თუ არა და იმედი მაქვს, ასე იქნება", - თქვა დავით ბერძენიშვილმა 18 მაისს.

რაც შეეხება ლელოს, პარტიის ლიდერები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათი, როგორც ახალშექმნილი პარტიის, სურვილი იყო 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინათ, თუმცა 3 ივნისს პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, თქვა, რომ ისინი მზად არიან, ჰქონდეთ კონსულტაციები ოპოზიციასთან, თუმცა არა 30-ვე ოლქში.

"მზად ვართ, გვქონდეს კონსულტაციები, მაგრამ რეალისტური. არა ის, რომ 30-ვეს გავანაწილებთ ჩვენ ისე, რომ ლელოს 3, იმას ერთი, ამას 4 და ამით ამომრჩეველსაც დავაბნევთ იმიტომ, რომ თურმე, სამი ოლქის გარდა დანარჩენ ოლქებში ლელომ უნდა უთხრას თავის ამომრჩეველს, რომ ამ ოლქში ხმა მიეცი იმ ნომერს, ამაში იმ ნომერს", - თქვა უსუფაშვილმა.

იგივე გაიმეორა 4 ივნისს ლელოს კიდევ ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ. კოჟორიძის თქმით, ლელოს სურს, 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს, თუმცა "რაღაც საგამონაკლისო წესით, შესაძლებელია, ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევა".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ზე უარს ამბობს და მხოლოდ ორგან - გლდანსა და სამგორში დააყენებს საკუთარ კანდიდატურას.

"ნაციონალური მოძრაობა იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ამ რვა ოლქში ყველა ძლიერი კანდიდატით", - თქვა მელიამ.

ასევე ნახეთ:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები