ბიუჯეტი 2020

ბაქრაძე: მთავრობა უარს არ ამბობს საკუთარ კომფორტზე და ბიუროკრატიულ ხარჯებზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ბიუჯეტის განახლებულ პროექტს აკრიტიკებს.

ბაქრაძის აზრით, "ეს არ არის კრიზისული პერიოდის ბიუჯეტი და ეს აისახება პირველ რიგში იმაში, რომ არ არის შემცირებული საბიუჯეტო ხარჯები".

როგორც ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, "მთავრობა, პრაქტიკულად, არ იმცირებს საკუთარ ხარჯს, მთავრობა არ ამბობს უარს საკუთარ კომფორტზე და ბიუროკრატიულ ხარჯებზე". შესაბამისად, "ყველაფერი, თუ რამე უნდა გაკეთდეს საქართველოს ეკონომიკაში, უნდა გაკეთდეს ვალით."

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ განახლებული ბიუჯეტი სამი ასპექტითაა პრობლემური. მისი თქმით, ერთი მხრივ, ბიუჯეტი "გაზრდის ვალს და გადააქცევს უმძიმეს ტვირთად მომავალი თაობებისათვის", მეორე მხრივ კი ბიუჯეტი არ ეხმარება ეკონომიკას, "რადგან არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას".

"მესამე მხრივ, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ტოვებს ყოველგვარი დახმარების გარეშე ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში", - ამბობს დავით ბაქრაძე.

ევროპული საქართველო მოითხოვს, მთავრობამ კრიზისის შესარბილებლად გადასახადები შეამციროს და მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, დაიბრუნონ საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა.

ბიუჯეტის განახლებული პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება განსახილველად.

კომენტარები