მაჟორიტარების კოორდინაცია

კალაძე: ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე დაწყებულია, კინო აწი იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არის დაწყებული. კალაძე ოპოზიციის მოლაპარაკებებს ეხმაურება, სადაც პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინაციაზე მსჯელობენ. 

"ეს უკვე აშკარაა და გამოიკვეთა. ჯერ გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, შემდეგ იმაზე, თუ ვინ სად დააყენებს კანდიდატს. ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში და გუშინ ვთქვი და კიდე გავიმეორებ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველოდება, კინო აწი იწყება," - ამბობს კალაძე.

რაც შეეხება მმართველი გუნდის საარჩევნო სამზადისს, კალაძე ამბობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, როცა ამის დრო მოვა, ყველა კანდიდატი ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს.

რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ უკვე თქვა, რომ ისინი კანდიდატს თბილისში მხოლოდ ორ ოლქში დააყენებენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება დანარჩენი 6 ოლქი. 

კომენტარები