მადელინ მაკკენის საქმე

გერმანელმა პროკურორებმა 2007 წელს პორტუგალიაში გაუჩინარებული ბავშვი გარდაცვლილად მიიჩნიეს

PA MEDIA

გერმანელმა პროკურორებმა 13 წლის წინ პორტუგალიაში გაუჩინარებული ბავშვი გარდაცვლილად მიიჩნიეს

3 წლის მადელინ მაკკენი პორტუგალიის ერთ-ერთი კურორტიდან, სადაც მშობლებთან ერთად ისვენებდა, 2007 წელს გაუჩინარდა. 

საქმე ხელახლა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ახალი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა - 43 წლის გერმანელი კაცი, რომელიც 13 წლის წინ იმ რეგიონში იყო, საიდანაც მაკკენი გაუჩინარდა. მან ბავშვის გატაცების მეორე დღეს საკუთარი იაგუარის მარკის მანქანა სხვის სახელზე გააფორმა. ის ამ დროისთვის გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს. 

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქმე ხელახლა გაიხსნა, 270-ზე მეტი ზარი და წერილი მიიღეს. 

ჰანს ქრისტიან უოლტერსმა, გერმანელმა პროკურორმა, თქვა, რომ მათ გოგონა გარდაცვლილად მიიჩნიეს.  

"ჩვენ სექსუალურ მოძალადეზე ვსაუბრობთ, რომელიც არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის გამო ორჯერ არის ნასამართლევი და ახლაც მრავალწლიან სასჯელს იხდის", - თქვა მან. 

მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 1995-2007 წლებში პორტუგალიაში, ალგარვეში ცხოვრობდა და მუშაობდა, თუმცა, ასევე, ძარცვავდა სასტუმროებს და ყიდდა ნარკოტიკებს.

პოლიციას წლების განმავლობაში საქმეში რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდა, მათ შორის ბავშვის მშობლებიც. თავდაპირველად მადელინს პორტუგალიის პოლიცია ეძებდა, 2011 წლიდან კი ხელახალი გამოძიება დაიწყო დიდი ბრიტანეთის პოლიციამ. გამოძიების ხარჯებმა, 2011 წლის შემდეგ 11 მილიონ ფუნტს მიაღწია. ამჯამად გამოძიებაში ჩართულია გერმანიის პოლიციაც, რადგან ეჭვმიტანილი მათ ჰყავთ დაკავებული.

წინა გამოძიებებისაგან განსხვავებით, რომლებსაც დაკარგული პირის ძებნის კლასიფიკაცია ჰქონდათ, გერმანიის მიერ დაწყებული გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილ კაცი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ორჯერ არის გასამართლებული. პოლიციის მიხედვით ეს პირი იმ 600 ეჭვმიტანილს შორის იყო, ვისაც თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა 2017 წლამდე არ არსებობდა ინფორმაცია, რაც მის ბრალეულობაზე მიუთითებდა.

პოლიცია მოუწოდებს ნებისმიერ პირს, ვისაც ეჭვმიტანილთან კონტაქტი ჰქონდა და საქმეზე რაიმე ინფორმაცია აქვს, მათ მიმართონ.

მადელინ მაკკენის ოჯახი გამოძიების განახლებას მიესალმება: "ერთადერთი, რაც გვსურდა იყო ჩვენი შვილის პოვნა, სიმართლის გაგება და დამნაშავეთა დასჯა. არასოდეს დავკარგავთ იმედს, რომ მადელინს ცოცხალს ვიპოვით", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წელს ბრიტანეთის პოლიციას გამოძიების გასაგრძელებლად დამატებით 150 000 ფუნტი გამოეყო. 2019 წელს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გამოძიებას მხოლოდ 2020 წლის მარტამდე დააფინანსებდა. ამავე წელს Netflix-მა გამოუშვა 8 ნაწილისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი მადელინის გაუჩინარებაზე.

კომენტარები