არჩევნები 2020

დაიცავენ თუ არა LGBTQ+ თემის გამოხატვის უფლებას - ოპოზიციური პარტიების პასუხები

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე თავიანთ ხედვებზე საუბარს იწყებენ და პოზიციებს გვაცნობენ.

ერთერთი აქტუალური თემა უმცირესობების უფლებებია. ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში ლგბტ თემის უფლებებზე საუბრისას თქვა, რომ "უმცირესობების უფლებები ქვეყანაში კარგად არის დაცული“, თუმცა რეალობა საპირისპიროს მოწმობს. LGBTQ ადამიანებს შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება, არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რისკის ქვეშ.

ტაბულამ ამ საკითხზე აზრი პოლიტიკურ პარტიებს ჰკითხა და დაინტერესდა, თუ რას იზამენ ოპოზიციური პარტიები იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩევნებში გაიმარჯვებენ. უზრუნველყოფენ თუ არა ყველა უმცირესობის გამოხატვის თანასწორობას და შეძლებს თუ არა LGBTQ თემი გამოხატვის უფლებით უსაფრთხოდ სარგებლობას?

ტაბულა ამ თემაზე ევროპულ საქართველოს, ენმ-ის, რესპუბლიკურ პარტიის, ლელოს, თავისუფალი დემოკრატების და ლეიბორისტული პარტიის წევრებს ესაუბრა. ასევე გამარჯვებული საქართველოსა და გირჩის ლიდერებს. ყველა მათგანმა ჩვენთან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი ხელისუფლების პირობებში უმცირესობების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ეს თემა არამხოლოდ პროგრამული, არამედ პრინციპებისა და ფასეულობების საკითხია.

"ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენთან დგას. მათ შეკრებებს ეძახიან „რაღაცის თავს მოხვევას“, ხოლო სხვა მოქალაქეების შეკრებას, უბრალოდ, შეკრებას. ამიტომ, ეს უნდა აღმოიფხვრას და აბსოლუტურად სრულფასოვანი მოქალაქეები უნდა იყვნენ ყველანი თავიანთ უფლებებში",- ამბობს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას მოსაზრებას იზიარებს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაიაც. მისი თქმით, პარტია ამ საკითხს დააყენებს და მოითხოვს, თუმცა, "კონფიგურაცია როგორი იქნება და რა ძალები იქნება პარლამენტში, ამ წუთას ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია". კორძაიას თქმით, რესპუბლიკური პარტია უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფას მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს.

"ჩვენი პოზიცია, ყველასთვის ყოველთვის ნათელი იყო ლგბტ თემთანაც დაკავშირებითაც და ნებისმიერ უმცირესობასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ქალის და კაცის ქორწინება, სამოქალაქო კონტრაქტის კანონპროექტი თითქმის მომზადებული გვაქვს სწორედ თემთან თანამშრომლობის გზით",- აღნიშნავს კორძაია.

ამ თემასთან დაკავშირებით გირჩის ლიდერის ზურა ჯაფარიძის პოზიცია ასეთია:

"გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომელიც დაცული იქნება სხვა ადამიანისთვის, დაცული უნდა იყოს ლგბტ ადამიანისთვისაც, ისევე, როგორც ნებისმიერი ნიშნით გამოყოფილი სხვა ადამიანისთვისაც. ჩვენ, ზოგადად, არ ვაღიარებთ უმცირესობების ცნებას. ადამიანი არის ჩვენთვის უმცირესობა და ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებს, რაც არის უნივერსალური და არის ყველასთვის, მიუხედავად იმისა, როგორი სექსუალური ორიენტაცია აქვს, რა ზომის ფეხი აქვს, რა სიმაღლისაა და რა ფერის თვალები აქვს".

ნაციონალურ მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის, თქმით, ენმ ყოველთვის იცავდა საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობის პრინციპს კანონის წინაშე.

"ჩვენი კონსტიტუცია და შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის ის, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ყველა ჯგუფის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, საკმაოდ ნათლად საუბრობს ამ საკითხზე. თუმცა, უნდა მოხდეს ამ კანონის სტანდარტების და კონსტიტუციური სტანდარტების უკეთესად დაცვა ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ბევრი გამოწვევა, ცხადია, არსებობს ამ თვალსაზრისით",- ამბობს სამადაშვილი.

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ უმცირესობების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია და სხვაგვარად დემოკრატიული სახელმწიფო არ შენდება.

"არ არის დემოკრატიული სახელწიფო, სადაც უმრავლესობას უნდა, დაჩაგროს უმცირესობა. აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყოველგვარი, არამარტო საკანონმდებლო, არამედ სხვა გარანტიებიც იყოს, რომ ყველა ტიპის უმცირესობები იყოს დაცული ქვეყანაში",- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, მისი წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ "ეს პარტიების სურვილზე კი არ არის დამოკიდებული, რაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით და კონსტიტუციით, ისე უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი ყველას უფლება თანაბრად, მათ შორის არამხოლოდ სექსუალური უმცირესობის, არამედ სოციალური ჯგუფების".

"ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არსებობის უფლება. ეს კონსტიტუციაში წერია, არსებობის და ბედნიერების უფლება აქვს ადამიანს და როდესაც ის დისკრიმინებულია, ეს დისკრიმინაცია ყველა კუთხით უნდა აღმოიფხვრას. ყველა გაგებით, მათ შორის სოციალური დისკრიმინაციაც, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა. დისკრიმინაცია მიუღებელია და კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბრები" ,- ამბობს გუგავა.

თავისუფალი დემოკრატების წევრს ნინო გოგუაძეს იმედი აქვს, რომ სწორედ ასეთი ღირებულებების გარშემო მოხდება ოპოზიციის გაერთიანება. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველანი თანასწორები უნდა ვიყოთ და სხვა შემთხვევაში ვერანაირ სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

"დიახ, მე მგონია, რომ ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის გარეშეც არანაირ კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება. მე პირადად ასე ვფიქრობ და როდესაც ლაპარაკია, რომ უმცირესობების უფლებები კარგად არის დაცული ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. თუ ადამიანის უფლებებია დაცული, ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და კანონის უზენაესობაა ამ სახელმწიფოში. მაშინ რის წინააღმდეგ ვიბრძვით? საქმეც ისაა, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს, ასევე როგორც არ იყო დაცული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. არ არის უმცირესობების უფლებები დაცული, რასაკვირველია, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე",- ამბობს გოგუაძე.

ამ კითხვით ტაბულა ლელოსაც დაუკავშირდა. მისი წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ლელო აუცილებლად დაიცავს უმცირესობის უფლებებს და ასეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა, პარტია "ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული".

"სხვანაირად საუბარი საზოგადოებასთან, რომ სამართალი და კანონი მუშაობს ვერ გვექნება და დღესაც ვერ გვაქვს. ყველა ადამიანს, განურჩევლად თავისი იდენტობისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება გამოხატოს თავისი აზრი უსაფრთხოდ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.  

ეს დისკუსია მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 6 ივნისს ლგბტქ+ ადამიანებზე საუბრისას თქვა, რომ "უმცირესობების უფლება ძალიან კარგად არის დაცული". ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების წინააღმდეგია და რომ "შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ".

მოგვიანებით, ამ განცხადებას პარტია ლელოს კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, თუმცა აქცენტი მხოლოდ ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებაზე გააკეთა და არა - ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამტკიცებდა, რომ უმცირესობების უფლებები "ძალიან კარგად" არის დაცული.

ლგბტქ+ ადამიანები, საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო მუდმივად ხდებიან, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. ლგბტქ+ თემის ის წევრები, რომლებიც ერთ ოჯახად ცხოვრობენ, მაგრამ ურთიერთობას ვერ აკანონებენ, ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ საავადმყოფოში, ქონების რეგისტრაციის, გაყოფის და სხვა ყოფითი საკითხების გადაწყვეტის დროს, რაც მათი უფლებების შეზღუდვაა.

კომენტარები