არჩევნები 2020

ბოკერია: ამოცანაა, 30 ოლქში საგრძნობი რაოდენობა გადანაწილდეს ისე, რომ მთელი სპექტრი გამოხატოს

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 30 მაჟორიტარული ოლქის საგრძნობი რაოდენობა ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ოპოზიციის მთელ სპექტრს გამოხატავდეს.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი მოახლოებული არჩევნების ორპოლუსიანად წარმოჩენას ცდილობენ, რაც, როგორც ევროპული საქართველოს ლიდერი განმარტავს, სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 30-დან საგრძნობი რაოდენობა იყოს გადანაწილებული ისე, რომ გამოხატავდეს მთელ სპექტრს. რადგან უნდა ჩავუხშოთ შესაძლებლობა ივანიშვილსა და მის პროპაგანდის ორგანოებს ამ არჩევნების ორპოლუსიანად დახატვის. რაც არის სიცრუე და არ გამოხატავს რეალურ ვითარებას და რომელიც უნდა საარჩევნო ამოცანებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით და ამისკენ მიდის ყველაფერი და ევროპული საქართველოს ამოცანა ესაა, რომ აქ, თბილისში განსაკუთრებით, მთელი სპექტრი იყოს წარმოდგენილი", - ამბობს გიგა ბოკერია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ, რესპუბლიკურმა პარტიამ და გირჩმა ამისთვის მზაობა გამოხატეს.

რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ - საერთო კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში - რა პოზიციები აქვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს

კომენტარები