პენსიები

გახარია: მაღალმთიან სოფლებში საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. როგორც გახარიამ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება და 250 ლარი გახდდება.

მისივე თქმით, საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების საპენსიო სარგებელი კი 300 ლარამდე გაიზრდება.

"გარდა ამისა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან". - ამბობს გახარია.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს პენსიების ინდექსაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ პენსიების ზრდა ყოველწლიურად იქნება მიბმული ინფლაციის მაჩვენებელთან. გარდა ამისა, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ამას დაემატება წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 80%-იც.

კომენტარები