კონგრესმენების ანგარიში

ბოკერია: კონგრესმენების ასეთი გზავნილი ივანიშვილისთვის სერიოზული სიგნალი უნდა იყოს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება 13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის მთავარ მოკავშირედაა მოხსენიებული. 

ბოკერია ამბობს, რომ ეს შეფასება "გასაკვირი არ არის". დეპუტატის შეფასებით, საქართველოს მეგობრები და პარტნიორები, ისინი, ვისაც აქვს პრაგმატული ინტერესი, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს და პუტინის რეჟიმმა ამ რეგიონშიც თავისი ვერ გაიტანოს, შეშფოთებულები არიან. 

"ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში", - ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდი ხანია იცის და ახლა საქართველოს მეგობრებიც მკაფიოდ ხედავენ ამ ყველაფერს. 

"ბუნებრივია, ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ, ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის", - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, საქართველოს ინტერესებშია, რომ ბიძინა ივანიშვილი "დროზე მოვიდეს გონს" და აღარ გააგრძელოს დესტაბილიზაციის მცდელობები საქართველოს შიგნით, შეეგუოს მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების შედეგებს, რაც დასრულდება მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილებით. 

"ეს არის საქართველოს ინტერესი და ამაში საქართველოს ეხმარებიან საქართველოს მეგობრები", - ამბობს ბოკერია. 

კითხვაზე, ახსენდება თუ არა ასეთი მწვავე შეფასება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქამდე, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ამ ტიპის შეფასებებთან მიახლოებული იყო ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში. 

"ჩვენი სტრატეგიული მეგობრები, თავისუფალი სამყარო არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და იმაში, თუ არჩევნებში ვინ რას გადაწყვეტს. ისინი ხედავენ იმას, რასაც ხედავს ქართული საზოგადოება და უფრო დიდი ხანია, რადგან ჩვენ ვხედავთ შედეგებს ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, რომელიც პუტინის ინტერესებს პირდაპირ ეხმარება და მოდის გავრილოვის ღამე და ეს არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი სიმბოლო და მაგალითი ", - ამბობს გიგა ბოკერია. 

10 ივნისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა". 

სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშში წერია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევდიოდნენ ისეთი ოლიგარქებიც, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, სხვებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიცაა მოხსენიებული. 

13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

კომენტარები