არჩევნები 2020

ბოკერია: ერთიანი ოპოზიციური სია საარჩევნო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაშიც არ განიხილება

პარლამენტი

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. ყოფილმა პრეზიდენტმა, 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის ინიციატივა გააჟღერა. 

ჟურნალისტმა კითხვა დასვა  გიგი უგულავას განცხადების შესახებ - განიხილებოდა თუ არა აქამდე ოპოზიციის ერთიანი სიის შექმნა საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის შემთხვევაში. ბოკერიამ უპასუხა, რომ მსგავსი რამ აღარ განიხილება.

"გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თავის დროზე ეს განიხილებოდა, მაგრამ აღარ განიხილება არცერთ შემთხვევაში. არც იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები ჩავარდება, აქაც მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება სტრატეგიული საკითხი". — ამბობს ბოკერია. 

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა და ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია და ევროპულ საქართველოში ამ წინადადების განხილვას არ აპირებენ. "პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და ეს არ გამოხატავს რეალობას. ოპოზიციაც, ამომრჩევლის წარმოდგენები და პოზიციები არის მრავალფეროვანი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალ-ცალკე გამოსვლა, ორივე ამოცანას პასუხობს - ამომრჩეველს ექნება საშუალება, ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მის იდეებს ქადაგებს, მეორე მხრივ, პირველ ტურში დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და რისკებს შევამცირებთ". — განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ "ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად." ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში, რადგან ამ საკითხზე საქართველოს მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული. 

ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნის იდეა რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის საშუალებით გააჟღერა. სააკაშვილის თქმით, ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნა "ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა იქნება."

კომენტარები