აქციები ლიბანში

მეორე დღეა, ლიბანში ეკონომიკური კრიზისის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება

REUTERS

ლიბანში მეორე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. მიზეზი ეკონომიკური კრიზისია. მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა კრიზისს სათანადოდ ვერ უმკლავდება.

დედაქალაქ ბეირუთსა და ქალაქ ტრიპოლიში მომიტინგეებმა პოლიციას ქვები, "მოლოტოვის კოქტეილები" და მაშხალები ესროლეს. მათ დააზიანეს რამდენიმე ბანკისა და მაღაზიის შენობა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ლიბანური ფუნტი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ოქტომბრის შემდეგ ვალუტა 70%-ით გაუფასურდა. ბანკებმა კი დოლარის გატანაზე შეზღუდვა დააწესეს.

ფინანსური კრიზისი კორონავირუსის პანდემიამ გაამწვავა. ამჟამად მოსახლეობის მესამედზე მეტი უმუშევარია.

ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეკონომიკური დახმარების მისაღებად მოლაპარაკებებისათვის ემზადება.

ახალმა მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, მტკივნეული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

ლიბანში მასშტაბური აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობა კორუფციასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას აპროტესტებდა. შედეგად, გასული წლის ოქტომბერში პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა საად ჰარირი. ის ჰასან დიაბმა შეცვალა.

აქციების დაშლისას დაშავდა ასობით ადამიანი. მათ შორის ოთხმა თვალი დაკარგა ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით.

აქციები დროებით შეწყდა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.

კომენტარები