არჩევნები 2020

კობახიძე: თუ მეორე ტალღა დაემთხვევა, არჩევნები, პირობითად, დეკემბერში ჩატარდება

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები "ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში."

"აცივებას უკავშირდება რისკების გაზრდა. სამწუხაროდ, ეს ემთხვევა არჩევნების თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური სამ კვირაში, რაც უწევს, დაახლოებით, 21 ნოემბერს. გარკვეული დამთხვევა გვაქვს.

როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, გარკვეული წესი აუცილებლად უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით. ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვა, მაგალითად, საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარება და ასე შემდეგ, ამანაც კი არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა მარტივად კონსტიტუცია – თუ მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. თუ ეს მოხდა ოქტომბერში, თუ ეს იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში". –ამბობს კობახიძე იმედთან ინტერვიუში. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის არ გამორიცხავს არჩევნების თარიღის გადაწევას, კობახიძე პასუხობს, რომ "თეორიულად ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია". 

კობახიძის თქმით, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60" დღეში ჩატარდება. მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს."

კომენტარები