2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნათელაშვილი: საერთო სია შექმნილ ვითარებაში ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი იქნება

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის შესახებ, მხარს არ უჭერს.

მისი თქმით, ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება.

"მინდა გამოვეხმაურო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას.

შექმნილ ვითარებაში საერთო სია იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან დაყოს პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად - თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად", - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენის ინიციატივა გუშინ, ვიდეომიმართვის საშუალებით გააჟღერა. მისი თქმით, ერთიანი სიის შედგენა "ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა იქნება."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას იმავე დღეს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შექმნის წინანადებას პარტია არ განიხილავს, რადგან ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ივანიშვილის ინტერესებშია. ინიციატივას არ იზიარებს "ლელოც" - გრიგოლ გეგელიას თქმით, სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა გამოსავალია, რასაც მისი პარტია არ ეთანხმება.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ერთიანი სიის შექმნა კოალიციური ხედვის გამტკიცებას ემსახურება. სალომე სამადაშვილის თქმით, მას არ ესმის ეს ინიციატივა ორპოლუსიანობას ხელს როგორ შეუწყობს.

კომენტარები