ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ლიდერი: ახალი კანონპროექტების ოპონენტები ჰონგ-კონგელების მტრები არიან

კერი ლამი და სი ძინფინგი

პეკინის ცენტრალურ მთავრობასთან დაახლოებულმა ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებზე საუბრისას კანონპროექტების ოპონენტებს მოუწოდა, რომ "დემონიზაცია და ჩირქის მოცხება" შეეწყვიტათ. მისი თქმით, ისინი, ვინც ასე იქცევა, "ჰონგ-კონგელი ხალხის მტრები არიან".

ლამი აცხადებს, რომ უმრავლესობას სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილების დაბრუნება სურს.

ჰონგ-კონგის მთავრობამ ახალი კანონპროექტების მხარდამჭერი კამპანიაც წამოიწყო. ბილბორდებზე რეკლამები განათავსა, ბუკლეტები დაბეჭდა და ვიდეოც გაავრცელა, სადაც კერი ლამი კანონპროექტებს იცავს და ირწმუნება, რომ ეს "საზოგადოების ინტერესშია".

ლამი პეკინის პოზიციას ახმოვანებს, რომ დამოუკიდებლობის მომხრეები თითქოს საგარეო ძალებთან არიან დაკავშირებულნი და ქალაქის უსაფრთხოებას ძირს უთხრიან. მან "ტრამვირებული" ქალაქის წინააღმდეგ "ტერორიზმის საფრთხე" დაგმო. 

მეტწილად ჰონგ-კონგელები ჩინეთისგან დამოუკიდებლობას არ ითხოვენ. მათ პეკინის წნეხისგან გათავისუფლება, კუთვნილი თავისუფლება და სტატუს კვო სურთ, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს უფრო ნაკლებად შესაძლებელი ჩანს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მაისში განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის შეთანხმებით – "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა", თითქოს ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროეტების საბოლოოდ მიღება "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის. ჰონგ-კონგის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსაბრიტანეთმა და ტაივანმა ჰონგ-კონგელებს დახმარება უკვე აღუთქვეს.

კომენტარები