გიორგი გაბუნიას საქმე

კობახიძე გაბუნიაზე: არავის სჯერა იმის, რომ ვიღაცა ემოციურ ნიადაგზე შურისძიებას ცდილობს

ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმე ბოლომდე გამოიძიონ. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა. კობახიძეს არ სჯერა, რომ "ემოციურ ნიადაგზე ვიღაცა ცდილობს შურისძიებას". სავარაუდოდ, ის გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის გინებას გამოეხმაურა, რის შემდეგაც, ქართველ ჟურნალისტს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დაემუქრა.

"იმის გარდა, რომ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ასევე, ბუნებრივია, რომ ასეთ შესაძლო დანაშაულს შეიძლება გამოეწვია სტაბილურობის კუთხით პრობლემები, შეიძლება გამოეწვია საზოგადოებაში ვნებათაღელვა და შეიძლება, ესეც იყო მიზანი.

არავის არ სჯერა იმის, რომ ემოციურ ნიადაგზე ვიღაცა ცდილობს შურისძიებას. თუ ამას ჰქონდა გარკვეული მიზანი, მიზანი იქნებოდა გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლის მიმართ რაღაცის გაკეთება, შესაბამისად, ყველაფერი არის გამოსაძიებელი, ასაწონ-დასაწონი, ამის შესახებ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას რეაგირება. აქამდე რეაგირება იყო ზუსტი და სწორი, ამან შეგვაძლებინა ჩვენ, რომ თავიდან აგვეცილებინა მოვლენების ისე გაგრძელება, როგორც იყო სავარაუდოდ დაგეგმილი". – თქვა ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები