კორონავირუსი რუსეთში

პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად ვიზიტორებმა "სადეზინფექციო დერეფანი" უნდა გაიარონ [Video]

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი კორონავირუსისგან დასაცავად მოსკოვთან ახლოს, ნოვო-ოგარიოვოში მის სახლში მისულმა ვიზიტორებმა სპეციალური სადეზინფექციო დერეფანი უნდა გაიარონ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აჩვენეს ვიდეო, რომელშიც პირბადიანი პირები დერეფანში გადიან და სადეზინფექციო სითხე ყველა მხრიდან ესხმებათ.

აპრილში პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ყველას, ვინც პუტინს ხვდება, კორონავირუსზე ტესტი უტარდება. ერთი თვის შემდეგ ვირუსი თავად პესკოვს დაუდასტურდა. პესკოვის გარდა ვირუსი დაუდასტურდა რამდენიმე პარლამენტარს და ქვეყნის პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც.

 

პარალელურად, პუტინი რუსეთის მოსახლეობას არწმუნებს, რომ ვირუსს სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდებიან და პანდემიიდან მინიმალური დანაკარგით გამოვლენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიას ჩამორჩება. ქვეყანაში ახალი კორონავირუსი, ოფიციალური მონაცემებით, სულ 553 301 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 7 843 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 194-ით გაიზარდა და 7 478-ს მიაღწია. ვირუსით გარდაცვლილთა აღრიცხვის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.

გასულ კვირას მოსკოვში მაისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 3 365-ით გაზარდეს. ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი აპრილშიც გააორმაგეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს, რუსეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღიარეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახებოდა, რადგან მათ სხვა დაავადებებიც ჰქონდათ.

კომენტარები