იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე დღეს, 18 ივნისს, ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმის ხელმოწერას გეგმავს.

ეს კანონდარღვევაა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ, როცა "სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, თავად კანონის დამრღვევი არ უნდა იყო".

"როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს.

ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყო კანონის დამრღვევი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი:

ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ?

ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს", - წერს ჯანეზაშვილი ფეისბუქზე.

ანა დოლიძეს საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოსთხოვა.

ანა დოლიძემ, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის". NGO-ების შეფასებით, ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

თუმცა, თავად დოლიძემ NGO-ების პასუხად განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, ხოლო "თუ პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებასაც კანონის შესაბამისად მიიღებს".

დოლიძე კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. უცნობია, დატოვებს თუ არა მას.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს.

კომენტარები