ანა დოლიძე

დოლიძე კანონდარღვევაზე კრიტიკის პასუხად ამბობს, რომ ჯანეზაშვილი საბჭოში "ოცნებამ" აირჩია

ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან კრიტიკას ქართულ ოცნებას უკავშირებს. კონკრეტულად კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჯანეზაშვილი საბჭოს წევრად 2017 წლის 21 ივნისს პარლამენტმა 108 ხმით აირჩია.

"მისი ჰიპერაქტიურობა დაკვეთის ნაწილია.

შეგახსენებთ, როგორ მოხვდა ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს იმდენად ორკესტრირებული თავდასხმაა ახალ პლატფორმაზე, და არა მხოლოდ ჩემზე, რომ იძულებული ვარ, ეს ვთქვა. ნაზი ჯანეზაშვილს მოპოვებული აქვს ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა, როცა ის დაინიშნა იუსტიციის საბჭოში.

2017 წელს მე ირაკლი კობახიძე მეკამათებოდა იმაზე, თუ რა არის პოლიტიკური საქმიანობა, იმიტომ, რომ არ მოსწონდა ჩემი საქმიანობა. სამწუხაროდ, დღეს ამ კამპანიის სათავეში, რომელშიც მონაწილეობენ გვრიტიშვილი, მეთოფშვილი და მიქაუტაძე, როცა ჩვენ დავაფუძნეთ ახალი, იმედისმომცემი ორგანიზაცია, დღეს არის გააქტიურებული ეს ადამიანი", - თქვა დოლიძემ ტვ პირველის ეთერში.

სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლებზეც დოლიძე საუბრობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არიან. ის და ჯანეზაშვილი და, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ე.წ კლანის წევრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილებები მათ მიკერძოებულად მიიღონ. საუბრობენ გავლენებზეც, კლანის ლიდერად კი მიხეილ ჩინჩალაძე მიიჩნევა.

მიქაუტაძემ და გვრიტიშვილმა დოლიძე პოლიტიკურ აქტიურობასა და, შესაბამისად, კანონდარღვევაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს, ამიტომაც, დოლიძე, მათსა და ჯანეზაშვილს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ შექმნეს პოლიტიკური პლატფორმა და ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს.

პლატფორმის პრეზენტაციაზე დოლიძემ თქვა, რომ მათი მიზანი არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა.
 
ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა. პარალელურად, 2018 წლის ივნისიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დოლიძე კანონს არღვევს.

"როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყო კანონის დამრღვევი", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

დოლიძეს საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოსთხოვა. NGO-ების შეფასებით, ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ, თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

ამასთან, ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არა აქვს. გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.

თუმცა ტვ პირველის ეთერშივე დღეს, 18 ივნისს, დოლიძემ თქვა, რომ პოლიტიკური საქმიანობა რეგულირებულია კანონით და ის კანონის შესაბამისად იმოქმედებს, თუ კენჭისყრას და არჩევნებში მონაწილეობას დააპირებს.

კომენტარები