არჩევნები 2020

ხოშტარია, შავგულიძე, ვაშაძე, ნათელაშვილი - 4 პარტია ოპოზიციას 4 ოლქში კანდიდატებს სთავაზობს

ტაბულა

ევროპული საქართველო, 3 სხვა პარტიასთან ერთად, ოპოზიციის მთელ სპექტრს თბილისის 4 ოლქში მაჟორიტარობის შემდეგ კანდიდატებს სთავაზობს:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია
  • მთაწმინდა - შალვა შავგულიძე
  • ისანი - გიორგი ვაშაძე
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ მსჯელობას კანდიდატების შესახებ.  ისინი უკვე შეიკრიბნენლეიბორისტული პარტიის ოფისში.

"რატომ ოთხი კანდიდატი და არა - ექვსი? რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა ქართული ოცნების დასამარცხებლად.

ორი ადგილი არ გავანაწილეთ, დავტოვეთ ღიად შეგნებულად, სპეციალური განზრახვით. ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა", - თქვა დავით ბაქრაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ორ ოლქში პარტია თავად დაასახელებს.

 

კომენტარები