არჩევნები 2020

ბაქრაძე: საარჩევნო ცვლილებების პირველ მოსმენაზე ჩავარდნა ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ თქვა, რომ მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. 

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების 2 კომპონენტიდან არც ერთია ბოლომდე შესრულებული. 

ბაქრაძე ამბობს, რომ იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ არ გადააგდოს და "ამით წერტილი არ დაესვას პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას" ევროპული საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. 

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაჩნდება მეტი დრო, რომ სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენით დამტკიცების პროცესი იქნება, პროკურატურამ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

"თუ ხვალ საკითხი ჩავარდა პირველ მოსმენაზე, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე რომც ჩავარდეს საკითხი, იმავე დღეს შეიძლება მისი შემოტანა. ანუ ხვალინდელი კენჭისყრა სრულიად გადამწყვეტია. ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც, პოლიტპატიმრების საკითხიც და საქართველოში ნორმალური არჩევნების საკითხიც",- ამბობს დავით ბაქრაძე. 

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები