საკონსტიტუციო ცვლილებები

მელია: I მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა სწორია, მეც აუცილებლად ხმას მივცემდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციამ პირველი მოსმენით მხარი უნდა დაუჭიროს. ის ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას "სწორს" უწოდებს და ამბობს, რომ თავად არც დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საარჩევნო ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტს.

"პირადად ვადასტურებ, რომ აუცილებლად ხმას მივცემდი, აუცილებლად, ორჯერ არ დავფიქრდებოდი... 

ივანიშვილი ხვდება, რომ 120/30-ზე სისტემა ცალსახად მარცხია და ცდილობს, ისეთი გზა გამონახოს, სადაც ჩააგდებს ცვლილებებს, მაგრამ ეს ოპოზიციასაც და ქართულ ოცნებასაც თანაბრად დაბრალდება. ფიქრობს, რომ, მინიმუმ, უცხოელი პარტნიორები თითს არ დაუქნევენ ივანიშვილს და ეტყვიან ოპოზიციას, კი ბატონო, ივანიშვილმა 3-4 დეპუტატი დააკლო და 113 ხმა ვერ მოაგროვა, მაგრამ აი, თქვენც რომ მიგეღოთ მონაწილეობა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდაო - ამბობს მელია TV პირველის ეთერში.

მას სჯერა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 21 ივნისის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

"მჯერა, რომ ჩვენი დეპუტატები, ჩემი მეგობრები, ხვალ შევლენ და მხარს დაუჭერენ სწორ გადაწყვეტილებას, საკუთარი შვილების და შვილიშვილებისთვის სწორ გადაწყვეტილებას, კი, კი [ნაციონალური მოძრაობაც], მჯერა, მჯერა, სხვა გადაწყვეტილება იქნება არასწორი. მე ასე მგონია. ვერ მოვიტყუები." - თქვა მელიამ.

დღეს, 20 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. პარტიის განმარტებით, კანონპროექტის პირველი მოსმენისას ჩავარდნა განხილვის საბოლოოდ დამთავრებას ნიშნავს, ხოლო მეორე და მესამე მოსმენაზე საკითხი რომც ჩავარდეს, პროცესის გაგრძელება მაინც შესაძლებელია. ამიტომ, ევროპული საქართველოს ლიდერების თქმით, პირველ მოსმენაზე ოპოზიციის კენჭისყრაში მონაწილეობით გაჩნდება მეტი დრო, რომ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დამტკიცდება, პროკურატურამ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები