საკონტიტუციო ცვლილებები

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს

პარლამენტი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 12 საათზეა ჩანიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერითა და 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის – მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭიროა მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს ევროპული საქართველოც დაუჭერს. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

ევროპული საქართველოს განმარტებით, პირველი მოსმენისას კანონპროექტის ჩავარდნა განხილვის საბოლოოდ დამთავრებას ნიშნავს, ხოლო მეორე და მესამე მოსმენაზე საკითხი რომც ჩავარდეს, პროცესის გაგრძელება მაინც შესაძლებელია. ამიტომ, ევროპული საქართველოს ლიდერების თქმით, პირველ მოსმენაზე ოპოზიციის კენჭისყრაში მონაწილეობით გაჩნდება მეტი დრო, რომ, პროკურატურამ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დამტკიცდება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს – გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები