ევროპული საქართველო

ბაქრაძე: თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, საარჩევნო ცვლილებების მიღება უჩვენოდ მოუწევთ

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული მთავარი საფრთხე, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდებოდა, თავიდანაა აცილებული. 

შესაბამისად, ბაქრაძის თქმით, ახლა ბურთი და პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლების მხარესაა. 

"თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ შემდეგ მოსმენებშიც მივიღებთ მონაწილეობას და ეს უკვე მართლაც იქნება არა საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ ცვლილება, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც ასახავს, მაგრამ თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მათ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ მოუწევთ". – ამბობს ბაქრაძე. 

დეპუტატის შეფასებით, საარჩევნო ცვლილებების მიღება მაინც მოუწევთ, რადგან მეორე და მესამე მოსმენის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია ჩაგდება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ბაქრაძის თქმით, ეს იქნება ცვლილება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას არ ასახავს. 

"შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად დარჩება ხელისუფლების მხარეს". – ამბობს ბაქრაძე. 

21 ივნისს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. 

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი.

ევროპულმა საქართველოს გადაწყვიტა კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირა და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დრო მიეცა მესამე მოსმენამდე. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას ჰქონდა, ისაა, რომ ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები