ჩინეთი

ჩინეთმა BeiDou-3 სანავიგაციო სისტემის უკანასკნელი თანამგზავრი გაუშვა ორბიტაზე

GETTY IMAGES

ჩინეთმა BeiDou-3 სანავიგაციო სისტემის უკანასკნელი თანამგზავრი გაუშვა ორბიტაზე. წარმატებული მისია საშუალებას აძლევს ჩინეთს, აღარ იყოს დამოკიდებული ამერიკულ GPS-ზე. 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ქსელი 35 თანამგზავრისგან შედგება და გლობალურ სანავიგაციო დაფარვას უზრუნველყოფს.

BeiDou-ს სანავიგაციო სისტემის პირველი ვერსია ჩინეთში 2000 წელს ჩაეშვა. 2012 წლისთვის მისი დაფარვის ზონა გაიზარდა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიც მოიცვა. ბოლო თანამგზავრის გაშვების შემდეგ ჩინური სანავიგაციო სისტემა რუსული გლონასის, ევროპული გალილეოს სისტემისა და ამერიკული GPS-ის ალტერნატივად იქცევა.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩინური კოსმოსური პროგრამები სწრაფად განვითარდა, მას შემდეგ, რაც პეკინმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნაში მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი.

2003 წელს ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში ეკიპაჟი გაუშვა. მას შემდეგ ჩინეთმა ორბიტაზე ექსპერიმენტული კოსმოსური სადგური ჩაუშვა და მთვარეზე ორი როვერი გაგზავნა. ეს ნაბიჯები ჩინეთს მუდმივი კოსმოსური სადგურის შექმნისა და მარსზე პირველი როვერის გაგზავნისთვის ამზადებს. წარმატებული კოსმოსური პროგრამები ჩინეთს აშშ-ს კონკურენტად აქცევს.  

უკანასკნელ პერიოდში ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა ახალ კორონავირუსთან და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ არაერთხელ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის ეპიდემიაზე არასაკმარისი რეაგირების გამო.

ჰონგ-კონგში უსაფრთხოების ახალი კანონპროექტის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი აშშ-სთან ვაჭრობასა და მოგზაურობაში შეღავათებით აღარ ისარგებლებდა.

კომენტარები