ეკონომიკა

$12 ტრილიონის დანაკარგი, უფრო ღრმა რეცესია და ნელი აღდგენა — IMF-ის განახლებული პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა World Economic Outlook-ი განაახლა, რომელიც კვარტლურად გლობალური ეკონომიკის მიმართულებით შეჯერებულ პროგნოზს მოიცავს. 

განახლებული პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური მშპ 4,9%-ით შემცირდება, რაც აპრილში გამოქვეყნებულ მაჩვენებელს 1,9%-ით აღემატება. შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიამდე ორგანიზაცია გლობალური მშპ-ს 3%-იან ზრდას ვარაუდობდა. 

ფონდის პროგნოზით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ჯამურად 12,5 ტრილიონ დოლარს გაუტოლდება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკის შემცირების პიკი მსოფლიომ მიმდინარე, მეორე კვარტალში უკვე გაიარა და ამ დროისთვის ეკონომიკის აღდგენის პროცესი იწყება. 

ამასთანავე, ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, ჯინა გონიპატმა უარი თქვა, განესაზღვრა ეკონომიკის აღდგენის ტრაექტორია, ამის მიზეზად კი მაღალი გაურკვევლობა დაასახელა. ფონდში ვარაუდოებენ, რომ რეკორდულად გაიზრდება ვალის მოცულობაც. 

საერთო სურათთან ერთად საგრძნობლად გაუარესდა მოლოდინები მსოფლიოს ცალკეული წამყვანი ეკონომიკების მიმართ. პროგნოზი უდიდესი ეკონომიკების მიმართ შემდეგნაირად გამოიუყურება:

  • აშშ — 8% კლება;
  • ევროზონა — 10,2% კლება;
  • გაერთიანებული სამეფო — 10,2% კლება;
  • იაპონია — 5,8% კლება;
  • კანადა — 8,4% კლება;
  • ჩინეთი — 1% ზრდა;
  • ინდოეთი — 4,5% კლება;
  • ბრაზილია — 9,1% კლება;
  • მექსიკა — 10,5% კლება;
  • რუსეთი — 6,6% კლება;

დოკუმენტის მიმდინარე განახლება მხოლოდ 31 ქვეყნის პროგნოზს მოიცავს. მასში არ არის მოყვანილი პროგნოზი საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ. დოკუმენტის წინა ვერსიაში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ფონდი მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან შემცირებას პროგნოზირებდა.

კომენტარები